"ის უდანაშაულოა" - ბადრი ესებუას მამა

ტარიელ ესებუა, ბადრი ესებუას მამა

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 9 თებერვალს განუცხადა ადვოკატ იოსებ ჯანაშიასთან გასაუბრების შემდეგ.

მან მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ადვოკატის ოფისი სწრაფად დატოვა. რაც შეეხება ადვოკატს, მისი თქმით, შესაძლოა ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანონ.

მან, ასევე აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში ძებნილი ესებუა გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც:

“ასე მითხრა, რომ იყო იქეთაც. მაგრამ ძირითადი პერიოდი როგორც ვიცი იყო აქ, საქართველოს ტერიტორიზე”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

ასევე ნახეთ უარყოფს ბანკში შესვლას და დანაშაულში მონაწილეობას - რა ვიცით ბადრი ესებუას დაკავებაზე

2020 წლის 26 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ალერტკარიდან იყო ის პირი, რომელიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკს“ დაესხა თავს და 43 მძევალი აიყვანა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ეს პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, სამხედრო, რომელიც სენაკის მეორე ბატალიონში მსახურობს.

ამავე დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაასახელა, რომ „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი ბადრი ესებუაა.

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს", - განაცხადა მაშინ მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ სად, როდის და საერთოდ, ჩატარდა თუ არა ბანკზე თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია?

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.