ევროკავშირი: რუსეთი დეზინფორმაციაში მსოფლიო ლიდერი იყო 2022 წელს

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ "ფეიკებს" ავრცელებენ ოფიციალური დიპლომატიური არხებით, სახელმწიფო მედიასაშუალებებით, რომლებიც მაუწყებლობს როგორც რუსეთის, ისე უცხოეთის აუდიტორიისთვის, ასევე კრემლის მხარდამჭერი საინტერნეტო არხებით.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციის და ფაქტების მანიპულაციის შესახებ 2022 წლის პერიოდში. ანგარიშში მსოფლიოს მთავარ დეზინფორმატორად მიჩნეულია რუსეთი. უწყების თანახმად, უკრაინაში რუსეთის ომი გახდა საინფორმაციო იერიშების მთავარი თემა, ამასთან, 100-დან 60 შემთხვევაში მათი მიზანი იყო რუსეთის შეჭრის გამართლება.

რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო იერიშების მეორე მიზანი იყო ევროკავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების დისკრედიტაცია.

საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი რუსეთისგან და მასთან დაკავშირებული აგენტებისგან მომდინარეობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ "ფეიკებს" ავრცელებენ ოფიციალური დიპლომატიური არხებით, სახელმწიფო მედიასაშუალებებით, რომლებიც მაუწყებლობს როგორც რუსეთის, ისე უცხოეთის აუდიტორიისთვის, ასევე კრემლის მხარდამჭერი საინტერნეტო არხებით, რომელთა კავშირი მთავრობასთან არ არის მითითებული, მაგრამ რომლებიც მოსკოვისგან შეიძლება იღებდნენ დაფინანსებას.

კერძოდ, რუსეთის პროპაგანდა ცდილობს, უკრაინა წარმოადგინოს „ნაცისტურ“ სახელმწიფოდ, მას ბრალი დასდოს საკუთარი მოქალაქეების „გენოციდსა“ და მკვლელობებში, "ფეიკები" გაავრცელოს იქ აშშ-ის ბიოლაბორატორიების შესახებ. ეს ვითომ არსებული ბიოლაბორატორიები თითქოს ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც მიმართულია „რუსული დნმ-ის“ წინააღმდეგ, ასევე ვრცელდება ყალბი ინფორმაცია უკრაინელი „ნაციონალისტების“ კავშირებზე უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრემლის წყაროებიდან ასეთ დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები. მთლიანობაში ასეთი დეზინფორმაცია აღმოჩნდა მინიმუმ 30 ენაზე, მათ შორის 16 ევროპულზე.

ევროკავშირის შესახებ რუსეთისა და პრორუსული წყაროები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოება მხარს არ უჭერს უკრაინას. ასევე ვრცელდება დეზინფორმაცია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების თითქოს დამღუპველ ზემოქმედებაზე თავად ევროპაზე და იმის შესახებ, რომ ევროპის მოსახლეობა თითქოს იძულებულია იშიმშილოს და გაიყინოს იმ რესურსების ნაკლებობის გამო, რომლებსაც ადრე რუსეთში ყიდულობდნენ. სინამდვილეში ევროპელთა ცხოვრების დონე ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.

ყველაზე საჩვენებელ მაგალითთა შორის ანგარიშში დასახელებულია რუსეთის მედიაკომპანიები Sputnik-ი და Russia Today (RT).

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთმა „თავი მოუყარა ყველა ინსტრუმენტს“ დეზინფორმაციის კამპანიებისა და „რეალობის სისტემატური დამახინჯებისთვის“. ბორელის თქმით, ამის მიზანია რიგითი მოქალაქის დაბნევა ისეთ ვითარებაში, როცა ძნელია გარკვევა, რომელი წყაროა სანდო. მოსკოვის მთავარი ამოცანაა, არავის არაფრის არ სჯეროდეს, რათა ხალხმა დაასკვნას: „ყველა ტყუის. როგორ შემიძლია მართლის ტყუილისგან გარჩევა?“ - განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. მისი სიტყვებით, ევროპას გადაწყვეტილი აქვს, უახლოეს მომავალში შექმნას ინფორმაციის ანალიზისა და გაცვლის ცენტრი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს პროპაგანდას.

ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იუროვამ, გამოაცხადა, რომ დაიწყება პროექტი „რადიო თავისუფალი რუსეთი“ (ჯერჯერობით ეს სამუშაო სახელწოდებაა), რომელიც გააერთიანებს რუსულენოვანი ჟურნალისტებისა და გამოცემების ძალისხმევას რუსულენოვანი აუდიტორიისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად.