ქუთაისის N2 დაკავების იზოლატორში ადვოკატი იოსებ ჯანაშია „საქართველოს ბანკის" საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას შეხვდა. როგორც ჯანაშიამ თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„რაც შეეხება მის კონკრეტულ პოზიციას წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება იმ თემას, სად იყო ამ წლების განმავლობაში, ზოგადი პასუხი იყო ის, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს, ძალიან მაღალი იყო გრადუსი ამ თემასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ის ყველანაირად არიდებდა თავს წინასწარ, გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას, - თქვა ადვოკატმა და დაამატა, - [ბადრი ესებუა] საერთოდ უარყოფს „საქართველოს ბანკში“ შესვლას და ამ დანაშაულში მონაწილეობას. რადგან გაჟღერდა მისი სახელი, აქედან გამომდინარე ის იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო. რატომ გაჟღერდა მისი სახელი, ამის ახსნა ნამდვილად არ აქვს. ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელიც ბანკში შევიდა, ბადრი ესებუა არ არის".
შეკითხვაზე, სად იმალებოდა ბადრი ესებუა, ადვოკატმა უპასუხა: „ამის შესახებ უფრო დეტალებში არ გვისაუბრია. ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აქ [საქართველოში] იყო".
ბადრი ესებუას პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ადვოკატის თქმით, გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ.
შსს-ს განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:
"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".
შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.