"Free ესებუა" კამპანიას ველოდებით, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ კი - საერთაშორისო მხარდაჭერას - კობახიძე

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირონიით ეხმაურება "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას, დაკავებას და ამბობს, რომ "რადიკალური" ოპოზიციისგან "Free ესებუა" კამპანიას ელოდება. 2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დღეს, 8 თებერვალს, ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ასევე ნახეთ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დაადასტურა

"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან "Free ესებუა" კამპანიას ველოდებით, აუცილებლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა რომ გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და შემდეგ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში.

"FreeMisha" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კამპანიაა, რომლითაც მისი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ იგი სამკურნალოდ გადაიყვანონ უცხოეთის რომელიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ასევე ნახეთ მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.