მცირე ოხუნჯობა პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიება - კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის 7 თებერვლის განცხადებას უპასუხებს პრეზიდენტის მიმართ მუქარაზე.

"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს... ზოგადად, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას აქვეყნებს, თავიდან "ფეიკი" მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო... მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა", - თქვა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კომენტარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტი გუშინ გამოეხმაურა. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია 7 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ირონიულად ციტირებს კობახიძის სიტყვებს, რომლებიც მან საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებისას წარმოთქვა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ „სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის

გუშინ, 7 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შესაძლო შეწყალების შესახებ შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მისივე თქმით, საზოგადოებას და მასაც ექნებათ უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე.