თურქეთში 7000-ს გადააჭარბა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა

მიწისძვრით დანგრეული საავადმყოფო თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 8 თებერვალს, შუადღისთვის განახლებული მონაცემებით, ორი დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 7 108 და დაშავდა 40 910 ადამიანი.

სტიქიური უბედურების ზონაში მესამე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია 79 110 თურქი და უცხოელი მაშველი. ნანგრევებში გადარჩენილთა პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო იკლებს.

ასევე ნახეთ ელჩის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს ორი მოქალაქე ითვლება დაკარგულად

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2530 ადამიანი.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.