საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა. შესაბამისი განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წერია, რომ მოსარჩელე მხარის, ანუ საქართველოს მთავრობის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2022 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 24 ივნისს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაშინ ჟურნალისტებს სარჩელის მიზეზის განმარტებისას უთხრა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნაზე მუდმივ წარმომადგენლად გაეროში და ამ პოსტიდან კახა იმნაძის გადაყვანაზე ელჩად კანადაში, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელისთვის უფლებამოსილების ორი თვით ადრე შეწყვეტას მოითხოვდა.
„აქ რეალობა ძალიან მარტივია - საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის ... ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება, ანუ განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, - განაცხადა კობახიძემ.
გასული წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის, მუშაობით, რის გამოც ხელი არ მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას.
როგორც პრეზიდენტმა თქვა, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოეწყო მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თანახმად, ელჩმა ვერ უზრუნველყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.
2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გაეროში ელჩად სალომე ზურაბიშვილის 30 აგვისტოს განკარგულებით დაინიშნა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, იგი გაეროში ელჩად დანიშნა არა დაძალებით, არამედ იმიტომ, რომ პროცესი არ შეფერხებულიყო.
ასევე ნახეთ პრეზიდენტს გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნა ხელმოწერის მიუხედავად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია