ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს.
„დასრულდა კიდევ ერთი ოპერაცია დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა შეიარაღებული ძარცვა და ძალადობა საქართველოში და სხვაგან“, - აცხადებს ალბანეთის პოლიცია.
გამოძიების მტკიცებით, საერთაშორისოდ ძებნილი 42 წლის ლავასოღლი ტირანაში ყალბი პასპორტითა და უკრაინის მოქალაქის გვარით იმალებოდა. მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
მინდია გორაძეს [ლავასოღლის] საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე (ლავასოღლი) დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2021 წელს ის უკრაინაში დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. მედიის ცნობით, მინდია გორაძე ოდესაში მინსკიდან ჩავიდა. მას დოკუმენტები არ ჰქონდა, რის გამოც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან, ბელარუსში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.