თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული სენაკელი ქალის, ნანი ზარანდიას, ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, მოხერხდა თუ არა დაღუპულის ცხედრის ამოყვანა კორპუსის ნანგრევებიდან.
67 წლის ნანი ზარანდია ანთაქიაში ხანდაზმული ქალის მომვლელად მუშაობდა. ის 12 წელი ემიგრაციაშია. კორპუსი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მიწისძვრის დროს სრულად დაინგრა და ქალები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. ინფორმაცია ამის შესახებ სენაკში მცხოვრებ ნანი ზარანდიას შვილს, ირაკლი სამინავას, 6 თებერვალს თურქეთიდან შეატყობინა დაღუპული ხანდაზმულის ქალიშვილმა:
„მოხუცის შვილი სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ადგილზე მისულს ეს სურათი დახვდა - კორპუსი ჩანგრეულია და მხოლოდ სახურავი ჩანსო... ოჯახს ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია ცხედრის შესახებ. იციან მხოლოდ ის, რომ მოყოლილია ნანგრევებში. არასწორია, რომ ცხედარი თითქოს პროზექტურაშია“, - ამბობს დაღუპული ქალის ნათესავი.
7 თებერვლის შუადღის მონაცემებით, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 3419 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულია - 20 534. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 8000-ზე მეტი ადამიანი.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.
ასევე ნახეთ ელჩის ცნობით, იპოვეს საქართველოს ყველა დაკარგული მოქალაქე, ვისზეც ინფორმაცია ჰქონდათთურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეული ან დაზიანებულია სულ მცირე 11 000 შენობა. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 500-მდე მოქალაქე. თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.
თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 3600-ს აჭარბებს.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობს საგანგებო სამსახურების 25 000-მდე თანამშრომელი და 3294 მაშველი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.
საქართველომ თურქეთში 6 თებერვალს გაგზავნა 60 მაშველი და სპეციალური ტექნიკა.