„სტოკჰოლმის კომპლექსის“ კინემატოგრაფიული ვერსია

„ღამის პორტიე“ (1974, იტალია, რეჟისორი ლილიანა კავანი)

2023 წლის პირველი თვე კინემატოგრაფიულ სამყაროში ლილიანა კავანის დროდ იქცა; იტალიური კინოს ცოცხალ კლასიკოსს 90 წელი შეუსრულდა. მსოფლიოს კინოს მუზეუმებში მისი ფილმების რეტროსპექტივები გამართეს და კავანის მთავარი ფილმის, „ღამის პორტიეს“ აღდგენილი ვერსია უჩვენეს. ახალი თაობა, ალბათ, გაკვირვებულია, რატომ შეიძლებოდა ამ სრულიად უმწიკვლო ფილმის პრემიერას გასული საუკუნის 70-იან წლებში სკანდალი მოჰყოლოდა. რამ გააბრაზა ასე ვატიკანი, ანდა რატომ დაასკვნეს იტალიელმა კომუნისტებმა, რომ რეჟისორი ამ ფილმში ფაშიზმის გამართლებას ცდილობს? იმხანად, რომ არა კოლეგების, პირველ რიგში ლუკინო ვისკონტის მხარდაჭერა, „ღამის პორტიე“ შეიძლებოდა საერთოდ არ გამოსულიყო ეკრანებზე, ან მხოლოდ სპეციალურ, ეროტიკული ფილმების კინოთეატრებში ეჩვენებინათ. სწორედ ვისკონტიმ შესთავაზა იტალიაში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ რეჟისორს, ლილიანა კავანის, მთავარი როლების შემსრულებლებად „თავისი არტისტები“, დირკ ბოგარტი და შარლოტა რემპლინგი აეყვანა. ბოგარტმა იმხანად დაასრულა მუშაობა ვისკონტისთან ფილმზე „სიკვდილი ვენეციაში“, შარლოტა რემპლინგის დებიუტი კი რამდენიმე წლით ადრე შედგა ისევ და ისევ ვისკონტის ფილმში „ღმერთების დაღუპვა“.

არსებითად „ღამის პორტიე“ ერთგვარი გაგრძელებაა იმ ხაზისა, რომელიც კინოს ისტორიაში „ღმერთების დაღუპვით“ დაიწყო. ნაცისტების ყოფილი ოფიცრის, მაქსის და მისი მსხვერპლის, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე ქალის, ლუსიას ეროტიკულ-სასიყვარულო თავგადასავალი სავსეა იმ სადომაზოხისტური ვნებებით, ამოუწურავი სექსუალური ექსპერიმენტებით, რომლებიც უხვად ვიხილეთ ლუკინო ვისკონტის ფილმში. თუმცა იტალიელმა რეჟისორმა ქალმა (ამას განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა) ფაშიზმის ბუნების ახლებური, უფრო რადიკალური კვლევა „პორტიემდე“ დაიწყო. 60-იანი წლების ბოლოს კავანიმ გადაიღო ფილმი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ ტყვე ქალებზე, რომლებიც გვიამბობენ როგორ ატარებენ შვებულებას ყოველ წელს დახაუში, რადგანაც მიუხედავად საშინელი დამცირებისა და შეურაცხყოფისა, რომელიც მათ გადაიტანეს, რაღაც აუხსნელი, ბუნდოვანი, გაუცნობიერებელი ძალა კვლავ ექაჩება მათ წარსულის ჯოჯოხეთისკენ. „ღამის პორტიეში“ ეს სიუჟეტი უკვე ეროტიკული ტრაგედიის ფორმას იძენს. ძალადობის მსხვერპლი თავად მოირგებს სადისტის როლს, მერე კი მოძალადე და მსხვერპლი ერთი მთლიანობა ხდება. წარსულის აჩრდილი მათ არ აძლევს საშუალებას იცხოვრონ აწმყოში.

„არა, ჩვენ ფაშიზმი არ გაგვიმართლებია. უბრალოდ გაგახსენეთ, რომ ყოველ ადამიანს თავისი ალიბი აქვს ისტორიაში. ტოტალიტარული რეჟიმების გასამართლება თუ გვინდა, მაშინ ტოტალიტარული აზროვნებისგან პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გავათავისუფლოთ“.

ლილიანა კავანის ამ პოზიციამ კიდევ უფრო გაამწვავა დისკუსია „ღამის პორტიეს“ გარშემო. ფაშიზმის (უფრო სწორად, ფაშისტების) გამართლების ბრალდებას დაემატა მეორე - ფაშიზმის ესთეტიზაცია, გამოხატული ისტორიული თუ კულტურული „არქეტიპების“ სიმრავლეში. „ღამის პორტიე“ ხან „სალომეს“ იგავს გაგვახსენებს, ხანაც ტრისტანის და იზოლდას ტრაგედიას. პათოლოგია და ესთეტიზმი, გახრწნა და დახვეწილობა აქ განუწყვეტლივ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ თვალსაზრისით ფილმის საუკეთესო ეპიზოდია სცენა ოპერაში, როცა მაქსი და ლუსია პირველად გაუსწორებენ ერთმანეთს მზერას მრავალი წლის შემდეგ, ვენის ოპერის თეატრში. სცენაზე მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ თამაშდება - ზღაპრული ვნებების სამყარო. მაყურებლის დარბაზში კი მოძალადის და მსხვერპლის „შეხვედრა წარსულთან“ სულ სხვა ვნებას აღვიძებს - მოცარტის გენიალური მუსიკის ფონზე საკონცენტრაციო ბანაკების სურათები ცოცხლდებიან. კავანის გზავნილი აქ ცხადზე უცხადესია - სილამაზე და კულტურა ყველანაირად ცდილობს შენიღბოს სიმართლე, რომელსაც ადამიანები თავის თავში ატარებენ, მაგრამ ისინი „უფსკრულში“ ჩასვლას მაინც უფრთხიან, დრო კი ვერაფერს უხერხებს იღბალს, რომელიც, თავის მხრივ, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად უნდა დაწვა.

„ღამის პორტიემ“ ხელახლა გაანათა ღამე ჩვენს არაცნობიერში, - წერდა ფრანსუა ალბერა, ლილიანა კავანის შემოქმედების მკვლევარი, - ნიშანდობლივია, რომ ეს სწორედ ქალმა რეჟისორმა გააკეთა“.

დღეს ეს შეფასებები შეიძლება მოძველებურად მოგვეჩვენოს. ლილიანა კავანი გამალებით ებრძვის სწორხაზოვნებას ფაშიზმის გააზრების პროცესში, თუმცა თავად სცოდავს სწორხაზოვნებით და ზედაპირულობით. ბოლომდე გაუგებარი რჩება, თუ რამ გადააქცია მაქსი ჯალათად და რატომ სიამოვნებს ლუსიას მსხვერპლის როლში ყოფნა. მეორე მხრივ, იტალიელ რეჟისორს არც აქვს პრეტენზია ახსნას ის, რაც ისედაც ვიცით - ტრავმა, რომელსაც ადამიანი მოძალადისგან იღებს, არათუ ამ ადამიანის ცხოვრებას ანგრევს და ამახინჯებს... ტოტალიტარულ სისტემაში შექმნილი ტრავმა მთელ თაობებში გადადის და ხშირად ისტორიულ პროცესებზეც კი მოქმედებს. მსხვერპლში შურისძიების გრძნობა იღვიძებს, მოძალადეში კი გაუცნობიერებელი ბრალეულობისა. აქედან ჩნდება ე.წ. სტოკჰოლმის კომპლექსიც, რომელიც ძალადობის მსხვერპლთ - არა მარტო კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთელ საზოგადოებას - ცნობიერებას უმახინჯებს - ასეთ საზოგადოებას, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია თავისუფალი არსებობა.

მწარე ღიმილს ბადებს ის, რომ „ღამის პორტიეს“ სკანდალის შემდეგ ლილიანა კავანიმ თავად მოირგო მსხვერპლის როლი. მას შემდეგ, რაც ნიცშეზე გადაღებული მისი ყოვლად ზედაპირული, ნახევრად ეროტიკული ფილმი „კეთილისა და ბოროტის მიღმა“ ჩავარდა კინოგაქირავებაში, კავანი რადიკალიზაციის ახალ გზას დაადგა, ახლა უკვე იტალიელების „ისტორიულ ტკივილზე“ თამაში დაიწყო. ფილმში „ტყავი“ (1980), რომელსაც საფუძვლად დაედო იტალიელი მწერლის და ჟურნალისტის კურციო მალაპარტეს ჩანაწერები, მან წარმოგვიდგინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განთავისუფლებული ქვეყნის უაღრესად ცინიკური სურათი - იტალია, რომელიც ყველაფრის ფასად ცდილობს თავის გადარჩენას... იტალია, რომელსაც ახალი კერპი ჰყავს - ამერიკელი ჯარისკაცები. სრულიად ნათელია, რომ ეს კვაზიისტორიული ფარსი, აგებული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა მანკიერებების ჩვენებაზე, სკანდალისთვის იყო განსაზღვრული. მაგრამ არანაირი ხმაური „ტყავს“ არ მოჰყოლია, გარდა ირონიული რეცენზიებისა პოლიტიკურ ორაზროვნებასა და ზედაპირულობაზე. 1980 წლის იტალია უკვე ისეთი არ იყო, როგორც 10 წლის წინ.

საინტერესოა, ჩვენ სად ვართ? დღეს, როცა ომი, ძალადობა, გაუპატიურება, განსაკუთრებით უკრაინის ომის დღეებში, ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, როგორ აღვიქვამთ „ღამის პორტიეს“? ვიცნობთ თუ არა ჩვენს თავს ლილიანა კავანის ფილმში?