NDI: ფასების ზრდა პირველად დასახელდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად

ფოტოილუსტრაცია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, საქართველოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე. კვლევის ჩასატარებლად მოსახლეობა 2022 წლის 3-20 დეკემბერს გამოჰკითხეს.

"არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს - სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან... პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა", - აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

NDI-ის კვლევა

კვლევის სხვა მიგნებები:

  • უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ;
  • ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს;
  • ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა არ ჰქონია კომუნალური გადასახდებისთვის საკმარისი ფული;
  • მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში მაღალი ინფლაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტზე ფასები იზრდება. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9,8 პროცენტი იყო.

ასევე ნახეთ ხახვი, კარტოფილი, საპონი, ბინის ქირა - ბოლო 1 წელში 250-ზე მეტი პროდუქტი და სერვისი გაძვირდა

2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

სხვა დეტალები კვლევის შესახებ:

  • 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.