სტალინს ვოლგოგრადში ბიუსტი გაუხსნეს

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში სტალინის ბიუსტი 2023 წლის 1 თებერვალს გახსნეს

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში გახსნეს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ბიუსტი. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერენ, „საზეიმო ცერემონია“ გაიმართა 1 დღით ადრე სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავამდე, რომელსაც დღეს, 2 თებერვალს აღნიშნავენ.

ვოლგოგრადის მუზეუმ-პანორამის მოედანზე სტალინის გარდა, დადგეს მარშლების, ჟუკოვის და ვასილევსკის ბიუსტები.

„უდიდესი თარიღის წინ, ჩვენ სამ ბიუსტს ვუხსნით გამოჩენილ მხედართმთავრებს და სტალინგრადის ბრძოლის არქიტექტორებს“, - განაცხადა ვოლგოგრადის საოლქო დუმის სპიკერმა ალექსანდრ ბლოშკინმა. მისი თქმით, ამ ხალხის ხსოვნა შვილებს და შვილიშვილებს უნდა გადასცენ.

ასევე ნახეთ ვოლგოგრადი დროებით ისევ სტალინგრადად აქციეს

სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავის გამო, დღეს ვოლგოგრადში ელოდებიან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“.