უკრაინამ გამოაცხადა, რომ 3 თებერვალს კიევში ევროკავშირ-უკრაინის სამიტი გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კიევში შეხვედრისას. 19 იანვარი, 2023 წელი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კიევში 3 თებერვალს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რაც, მისი თქმით, მძლავრი სიგნალი იქნება მსოფლიოსა და მოსკოვისთვის.

AFP-ის თანახმად, შმიგალმა კაბინეტის სხდომაზე თქვა ასევე, რომ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება კიევის სწრაფვისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს. „ის ფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, მძლავრი სიგნალია ორივესთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მტრებისთვის“, - თქვა შმიგალმა.

ცნობაში არ არის დაზუსტებული, ვინ დაესწრება ამ სამიტს.

უკრაინის პრემიერმა ასევე თქვა, რომ 2 თებერვალს გაიმართება ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა - უკრაინის მთავრობა და ევროპის კომისია გამართავენ კონსულტაციებს "პირველად ისტორიაში".

უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს შარშან ივლისში.