ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც ერთი თავი მიეძღვნება უკრაინაში რუსეთის შეჭრას, შესაძლოა, რუსეთის სკოლებში 2023 წლის 1 სექტემბრიდან გამოჩნდეს, განაცხადა განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა.
მინისტრის თქმით, მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო ამჟამად დამუშავების პროცესშია და შემდეგი სასწავლო წლიდან, სავარაუდოდ, სკოლებში გამოჩნდება. კრავცოვის თქმით, "საგანგებო სამხედრო ოპერაციის" მიზნებსა და ამოცანებზე სექცია უკვე შეტანილია სკოლის ისტორიის პროგრამაში. მინისტრის თქმით, ახალ სახელმძღვანელოში უფრო დეტალურად იქნება გადმოცემული ომის მიზეზები (რუსეთის ხელისუფლების ხედვით).
კრავცოვი დეკემბერში აცხადებდა, რომ ახალი სახელმძღვანელოს ავტორების ჯგუფს უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე და კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი.
დეკემბერშივე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "საყოველთაო მნიშვნელობის საკითხს" უწოდებდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებას. პუტინის თქმით, რუსეთის ახალგაზრდობა მოექცა ინტენსიური საინფორმაციო შეტევის ქვეშ და საჭიროა მას საყრდენი "სწორი ცოდნის" ფორმით მიეცეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიას უწოდებს "საგანგებო სამხედრო ოპერაციას". უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო დამკვირვებლები გამუდმებით აცხადებენ რუსეთის სამხედროების მხრიდან ჩადენილ ომის დანაშაულებზე ბუჩაში, ირპენში, იზიუმში, ხერსონში, ხარკოვის ოლქში. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს.