სამხარაულის ბიუროს დასკვნა სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად დაურთეს

კადრი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომიდან. 30 იანვარი, 2023 წელი

30 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე გამართულ მე-9 სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის შესახებ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქმეს დაურთო.

მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები...როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება გიორგი არევაძემ.

სხდომის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დააყენეს ცალკეული ექსპერტების და მთლიანად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აცილების შუამდგომლობა და თქვეს, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნა არის „არარელევანტური“ და ის დაუშვებელი მტკიცებულებაა.

მათი განცხადებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეს დასკვნა მომზადებული აქვს საქმის მასალების და არა „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით კი ცალკე მსჯელობის საგანია დასკვნაში არსებული გაყალბებები.

„ეს დასკვნა არ უნდა იყოს დაშვებული, როგორც მტკიცებულება“, - მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

„ვფიქრობ, სასამართლომ დაუშვა მიკერძოების დაუშვებელი ფაქტი“, - ასე გამოეხმაურა მოსამართლის გადაწყვეტილებას სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება, წინა სასამართლო სხდომაზე წარადგინა.

რამდენიმე დღით ადრე, 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ იგი "არ არის სარწმუნო და უტყუარი“. სწორედ ბრეგაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სასამართლოს მტკიცებულებად წარედგინებოდა.

ცენტრ „ემპათიის"ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა კი ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად" შეაფასა.

ცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი 2022 წლის 12 მაისიდანაა კლინიკა "ვივამედში". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

ასევე ნახეთ ფსიქოთერაპია თვალთვალის ქვეშ - ბრიტანელი ექიმის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-8 სხდომაზე