უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 24 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე. ასევე - 44 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს.

ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმას

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ერთი და დონეცკის ოლქის ცხრა დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 2 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 2 რადიოლოკაციური სადგური და საბრძოლო მასალების საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.