რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 400%-ით გაიზარდა

რუსეთის მოქალაქეები კვეთენ საზღვარს საქართველოს მიმართულებით. ზემო ლარსი. სექტემბერი, 2022 წელი

2022 წელს რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გადარიცხვები რეკორდულად გაიზარდა, რადგან უკრაინაში ომის პარალელურად, რუსეთიდან ასობით ათასი ადამიანი გაიქცა.

რუსეთის რეზიდენტებმა გასულ წელს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს საქართველოში (ფულადი გადარიცხვის სისტემებით), რაც 2021 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

საინფორმაციო სააგენტო РБК-ს ცნობით, რუსებმა 3 მილიარდზე მეტი გადარიცხეს სომხეთში. ასევე:

  • ყირგიზეთში -- $2,5 მილიარდზე მეტი (ყველაზე მეტი 2005 წლის შემდეგ);
  • უზბეკეთში -- $14,5 მილიარდი (ორ-ნახევარჯერ მეტი 2021 წელთან შედარებით);
  • ყაზახეთში -- $775 მილიონი.

რუსებმა თავიანთი ქვეყნის დატოვება დაიწყეს 2022 წლის თებერვალში, როცა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. ომის დაწყების გამო დასავლეთმა რუსეთს ფინანსური და სავაჭრო სანქციები დაუწესა, რამაც ცხოვრება გაურთულა მრავალ მოქალაქეს.

რუსები მასობრივად გადმოსახლდნენ საქართველოსა და სომხეთში, ასევე ცენტრალურ აზიაში.

კიდევ ასობით ათასი რუსი გაიქცა ამ ქვეყნებში მას შემდეგ, რაც პუტინმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მილიონობით მიგრანტი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან მუშაობს რუსეთში და რეგულარულად აგზავნის ფულს სამშობლოში, თუმცა გზავნილების ზრდა, სავარაუდოდ, რუს მიგრანტებსაც უკავშირდებათ.