ავტორი: ანა ჯიქურიძე

სწორ დროს, სწორ ადგილას ყოფნა - აი, რა არის ეს ცხოვრება. მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ სწორ ადგილას ვართ თუ არა სწორ დროს? როდის უნდა შევწყვიტოთ ჩვენი თავის ძიება და როდის უნდა დავფუძნდეთ სადმე სიღრმისეულად? ერთი შეხედვით, შეიძლება ეს კითხვები რთულ გადასაწყვეტ საკითხებად მოგვეჩვენოს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ ერთი და ნაღდი პასუხი აქვს მთელ ამ დიდ გაურკვევლობას. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. უბრალოდ ჩვენ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, მოგვწონს თუ არა ის საქმე რასაც ვაკეთებთ. მთავარია ვიგრძნოთ და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გვსიამოვნებს და მოგვწონს ჩვენი საქმე. სხვა შემთხვევაში ყველაფერი მარცხისთვის და ტანჯვისთვის არის განწირული, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სხვა სამუშაო სივრცეს ან თუნდაც სხვა პროფესიას ვეკუთვნით და ძიება უნდა გავაგრძელოთ. ძიების პროცესი რთული და დამღლელია, მაგრამ სასურველი საქმიანობის აღმოჩენის თანმდევი სიხარული და თვითკმაყოფილება ის განცდაა, რისი შეგრძნებაც ყოველ დღე ბედნიერებს გვხდის. ხოლო ადამიანები, რომლებიც სტატუს-კვოს არ ეგუებიან და იბრძვიან სასურველი მომავლისთვის, ჩემი შეფასებით, გამბედავები და ნამდვილი ჩემპიონები არიან. აი, ისეთი ჩემპიონები, Queen რომ აღნიშნავს და უმღერის:

“We are the champions, my friends

And we’ll keep on fighting ‘till the end

We are the champions

We are the champions

No time for losers

‘Cause we are the champions

Of the world.”

ასეთ ჩემპიონობამდე კი ყველას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რასაც გამბედაობა და მეინსტრიმულ შეხედულებებთან დაპირისპირება ეწოდება. შესაძლოა თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან ნიჰილისტური ან არასერიოზული დამოკიდებულება წამოვიდეს, მაგრამ ასეთი რეაქციები ცვლილებების მსურველ ადამიანს ვერაფერსაც დააკლებს. ბოლოს და ბოლოს როგორც მაჰათმა განდი იტყოდა: “ჯერ გაიგნორებენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გეჩხუბებიან და შემდეგ შენ იმარჯვებ”. ასე რომ, ნებისმიერი მიზანი მიღწევადია თუ ადამიანს არ ასვენებს სასურველის მიღების დაუოკებელი, მწველი სურვილი. სწორედ ეს არის საწყისი წერტილი ნებისმიერი ქმედებისა თუ ცვლილების. ამიტომ თქვენს თავს დაუსვით კითხვა, თუ რა გინდათ ცხოვრებაში და რისი მიღწევის სურვილი გაქვთ.

ასეთი ჩემპიონობა მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც არ ეშინიათ განსხვავებულობის და არაპოპულარული იდეის განხორციელების. თავისუფლებამდე მისასვლელი გზა კი ცოდნასა და შრომაზე გადის. ასე რომ, შეგვიძლია Queenსეულ ჩემპიონობამდე მისასვლელი გზა შემდეგნაირად აღვწეროთ: სურვილი, ცოდნა, შრომა, თავისუფლება და ჩემპიონობა. ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა.