ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა 27 იანვარს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს გარეთ მდებარე დაცვის საგუშაგოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს.
"კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა საგუშაგო პოსტს, რის შედეგადაც საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანის პოლიციის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ირანული საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმი" თეირანის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც, შესაძლოა, "პირადი პრობლემებით" ყოფილიყო მოტივირებული, საელჩოს შენობაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.
აზერბაიჯანული სააგენტო APA თეირანის პოლიციის უფროსის განცხადებას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს და დიპლომატიურ არხებზე დაყრდნობით საელჩოზე თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს.
ამ ვერსიას აზერბაიჯანის ხელისუფლებაც იზიარებს.
ირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის გამო ტვიტერით გაავრცელა მიმართვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც მიუსამძიმრა შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპული უფროსი ლეიტენანტის, ორჰან რიზვანის ოჯახს. „ჩვენ ვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის დაუყოვნებლად გამოძიებას და ტერორისტების დასჯას“, - წერს ილჰამ ალიევი.