1918 წლის 29 იანვარს, კიევიდან 130 კილომეტრში, რკინიგზის სადგურ კრუტისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დამცველები და ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმია. უკრაინის ისტორიოგრაფიაში ამ ბრძოლას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა - როგორც გმირული თავდადებისა და თავისუფლებისათვის თავის გაწირვის მაგალითს. ის რაც კრუტისთან მოხდა და ე. წ. „იანვრის (”არსენალის“) აჯანყება“ ძალიან ჰგავს მომდევნო წლებში რუსეთის ბრძოლის ტაქტიკას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ: აჯანყების პროვოცირება და შემდეგ აჯანყებული „ამხანაგებისათვის“ სამხედრო დახმარების აღმოჩენა. 1918 წლის კრუტის ბრძოლა საქართველოსთან კიდევ ერთი პარალელის გავლების საშუალებას იძლევა: კიევისა და თბილისის დაცვისას თავი გასწირეს ახალგაზრდებმა: საქართველოში იუნკრებმა, უკრაინაში - სტუდენტებმა და გიმნაზიელებმა.
კრუტის გმირული დაცვა
კრუტი - ეს არის პატარა დასახლება კიევიდან დაახლოებით ას კილომეტრში. მის მახლობლად, რკინიგზის სადგურთან, 1918 წლის 29 იანვრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში გამოცდილი სამხედროების გარდა, ასევე მონაწილეობდა ასამდე მოხალისე - კიეველი სტუდენტი, კადეტი და გიმნაზიელი. ახალგაზრდები გამოეხმაურნენ მოწოდებას, დახმარებოდნენ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (უსრ) შეიარაღებულ ძალებს წითელ არმიასთან ბრძოლაში.
პეტროგრადის სახალხო კომისართა საბჭომ ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა უკრაინის ცენტრალურ რადას არ გაეტარებინათ დონისკენ მიმავალი ტვირთი და ცოცხალი ძალა - გადაეკეტათ გზა, რითაც სარგებლობდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დონელი კაზაკები.
უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (უსრ) ხელისუფლება არ თანამშრომლობდა ბოლშევიკებთან: მან ჯერ აღკვეთა კიევში ბოლშევიკების აჯანყების მცდელობა, შემდეგ კი ჩაახშო კიდევ ერთი ამბოხი, რომელიც „არსენალის“ ქარხნიდან დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში უსრ მაინც ვერ გაუმკლავდა ბოლშევიკების შეტევას კიევზე, არ აღმოაჩნდა საკმარისი სამხედრო ძალა. სწორედ ამ ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია ბრძოლა კრუტისთან.
კრუტის დამცველთა უმეტესმა ნაწილმა უკან დაიხია, მაგრამ ოცდაათამდე სტუდენტი უკან დაბრუნდა და მტერი, მიღებული ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში შეაკავა.
ბოლშევიკებმა ყველა სტუდენტი დახვრიტეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი, როცა კიევში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება დაბრუნდა, კრუტისთან დახვრეტილი სტუდენტები პატივით გადაასვენეს უკრაინის დედაქალაქში, ასკოლდის საფლავის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე.
სწორედ ბრძოლაში მონაწილე ახალგაზრდების თავგანწირვამ აქცია ეს ბრძოლა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენად.
უკრაინაში კრუტის ბრძოლაზე არაერთი წიგნი დაიწერა, ერთ-ერთის მიხედვით 2019 წელს ფილმიც კი გადაიღეს. ფილმის, „კრუტი-1918“-ის სცენარი ეფუძნება კონსტანტინ ტურ-კონოვალოვის ამავე სახელწოდების წიგნს, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს პოლკოვნიკ ავერკი გონჩარენკოს მიერ აშშ-ში დაწერილი მოგონებები. გონჩარენკო კრუტის ბრძოლაში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარს მეთაურობდა.
„კრუტის ბრძოლის თემა მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელი მწერლის, სცენარისტის თუ კინემატოგრაფისტისთვის, - ამბობს კონსტანტინ ტურ-კონოვალოვი, - კრუტი დიდი ხანია აფორიაქებს უკრაინელთა გონებას, რადგან უკრაინელებისთვის კრუტი არის ერთგვარი სპარტა, თერმოპილეს ბრძოლა, რომელშიც რამდენიმე ათეული უკრაინელი სტუდენტი და იუნკერი ებრძოდა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ მტერს“.
დიდი ხნის წინ მომხდარი ყველა ბრძოლის მსგავსად, კრუტის ბრძოლაც დახუნძლულია მითებით, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გარდაუვალ სიკვდილზე გაგზავნა სტუდენტები და გიმნაზიელები.
კონსტანტინ ტურ-კონოვალოვის თქმით, სინამდვილეში დასაღუპად არავინ გაუგზავნიათ, არავის უთქვამს მათთვის, „წადით და თავი შეაკალითო“. გაგზავნეს საბრძოლო დავალებით: დაეცვათ პოზიციები, გაეძლოთ საღამომდე, რასაც პირნათლად გაართვეს თავი. უბრალოდ არავინ იცოდა, რომ პარალელურად სხვა ამბავიც მოხდებოდა - დაიწყებოდა ბოლშევიკების აჯანყება „არსენალის“ ქარხანაში. სწორედ ამის გამო მოუწია უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მთავარ სამხედრო ძალებს კიევში დარჩენა, რათა გამკლავებოდნენ აჯანყებულებს. იმავდროულად საჭირო იყო ბოლშევიკების შეჩერება კრუტისთან, რაც შეძლეს კიდეც.
„ეს იყო გამარჯვება, თუმცა ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ამ ბრძოლაში მონაწილეობდა, დაიღუპა. სტუდენტურ რაზმს ჰქონდა საბრძოლო დავალება - დილიდან საღამომდე შეენარჩუნებინათ კრუტის სადგური. დავალება შესრულდა. სტუდენტების ასეულმა შეაჩერა ბოლშევიკების შეტევა. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ომში, ამ ომშიც იყო დანაკარგები. 30 დახვრეტილი - დანაკარგია“, - ამბობს კონსტანტინ ტურ-კონოვალოვი, რომლის თქმითაც, წითელმა არმიამ დახვრეტილთა ცხედრები არ დაკრძალა. მეტიც, გლეხებსაც კი აუკრძალა საფლავების გათხრა, თუმცა ადგილობრივებმა მაინც მოახერხეს მათთვის საფლავების გათხრა:
„გლეხებმა დამარხეს, არ დატოვეს გვამები ბრძოლის ველზე, შემდეგ კი მშობლებმა დაიწყეს საფლავების მოკითხვა. მშობლები მალევე ჩავიდნენ კრუტიში, სულ კიეველები იყვნენ, ინტელიგენციისა და თავად-აზნაურთა ოჯახების შვილები. ცხედრების პოვნაშიც გლეხები დაეხმარნენ, ჩატარდა ამოცნობა. ბევრი ამოიცნეს ტანსაცმლის ნაქარგის მიხედვით. იმ დროს ტანსაცმელს მონოგრამებით, ინიციალებით ნიშნავდნენ. ამიტომ, მშობლებმა იოლად ამოიცნეს ისინი“.
იანვრის აჯანყების ანატომია
1918 წლის კიევის იანვრის ამბოხის (ძვ. სტილით 29 იან-4 თებ) ორგანიზატორი იყო რუსეთის ბოლშევიკური პარტიის რსდპ (ბ) კიევის კომიტეტი, რომელიც ილაშქრებდა უკრაინის ცენტრალური რადისა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის კიევზე თავდასხმის პარალელურად.
კიეველი ბოლშევიკები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ემზადებოდნენ შეიარაღებული აჯანყებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში დაიგეგმა ბოლშევიკური ჯარების დედაქალაქთან მიახლოებისას.
რუსეთის ტაქტიკა ასეთი იყო:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილის მოწყვეტა ანტიბოლშევიკური ფრონტიდან
- პირდაპირი რუსული აგრესიის შესანიღბად, რუსული წითელი რაზმების მოახლოებისას უკრაინულ ქალაქებში იფეთქებდა „აჯანყებები“, რომლებსაც ადგილობრივი ბოლშევიკები ედგნენ სათავეში. ამგვარი ტაქტიკით მოქმედებისას ბოლშევიკები ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებას ამყარებდა უკრაინის პროლეტარიატი და არა რუსეთის ჯარი. ასე გააწითლეს და გაასაბჭოვეს ეკატერინოსლავი, ოდესა, ნიკოლაევი, ელისავეტგრადი, რიგში იდგა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი კიევი
1918 წლის იანვრის პირველ ნახევარში „არსენალის“ მუშებმა გამართეს მიტინგი და თავს დაესხნენ რამდენიმე დღის წინ ჩამორთმეული იარაღის საწყობს. იმავე დღეს კიევის რსდპ (ბ) კომიტეტის თათბირზე გადაწყდა დაწყებულიყო შეიარაღებული გამოსვლა. კრებამ აირჩია რევკომის ხელმძღვანელობა: იან გამარნიკი, ალექსანდრ გორვიცა, ანდრეი ივანოვი, ისააკ კრეისბერგი და სხვ.
აჯანყება დაიწყო 28-29 იანვრის ღამეს. აჯანყებულთა მიზანი იყო პედაგოგიური მუზეუმის შენობის ალყაში მოქცევა, სწორედ აქ იყო განთავსებული ცენტრალური რადა, რომლის დამხობას და კიევში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას აპირებდა წინა დღით შექმნილი რევკომი ხარკოვის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო სამდივნოს სახელით.
1918 წლის 29 იანვარს კიევის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს წარმომადგენლებმა უკრაინის ცენტრალურ რადას ულტიმატუმი წაუყენეს: ძალაუფლების გადაცემა საბჭოებისთვის და უკრაინის სამხედრო ნაწილების განიარაღება.
ცენტრალურმა რადამ „ამბოხებულთა“ მოთხოვნა უარყო და იქით მოითხოვა უპირობო კაპიტულაცია.
საღამოს კვლავ განახლდა შეტაკებები. აჯანყებულთა ძირითადი ძალები კონცენტრირებული იყვნენ "არსენალის" გარშემო, შეტაკებები აგრეთვე მიმდინარეობდა შულიავკაში, დემეევკაში, პოდოლში. აჯანყებულებმა დაიკავეს კიევის სატვირთო სადგური, საიდანაც წამოიწყეს შეტევა, მიუახლოვდნენ ქალაქის ცენტრს ბოლშაია ვასილკოვსკაიას ქუჩასა და ხრეშჩატიკს.
- 30 იანვარს ქალაქში აღარ მუშაობდა წყალმომარაგება, ელექტროსადგური და საქალაქო ტრანსპორტი.
- 28 იანვრიდან კიევში მუშაობა დაიწყო ცენტრალური რადას VIII გენერალურმა კრებამ, რომელმაც 1 თებერვალს მიმართა კიევის მოსახლეობასა და ამბოხებულებს, შეეწყვიტათ როგორც წინააღმდეგობა, ასევე გაფიცვა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას აზარალებდა.
- 1 თებერვალს ვითარება შეიცვალა.კიევში შევიდა უკრაინის ჰაიდამაკის კაზაკთა პოლკი სიმონ პეტლიურას მეთაურობით. მალევე უკრაინის დედაქალაქში გამოჩნდა გორდიენკოს პოლკი პოლკოვნიკ ვსევოლოდ პეტროვის მეთაურობით.
- 2 თებერვალს კიევის ქუჩებში ბრძოლა აღარ მიმდინარეობდა, მხოლოდ „არსენალის“ ქარხანა არ ყრიდა იარაღს.
- 4 თებერვალს დილით ქარხანა იერიშით აიღო სიმონ პეტლიურას ჯარმა.
რა ხდებოდა კიევის ქუჩებში
ბოლშევიკები 1918 წლის იანვრამდეც აპირებდნენ ამბოხების მოწყობას, მაგრამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრევენციული მოქმედებების გამო, ამის გაკეთება ვერ შეძლეს. მორიგ მცდელობას ბიძგი მისცა ბოლშევიკი ლიდერის ლეონიდ პიატაკოვის მკვლელობამ.
27 იანვარს შეიარაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი გახსნეს პოდოლის ქუჩებში, გახშირდა თავდასხმები საგუშაგოებზე, პატრულზე, პოლიციის განყოფილებებზე, იტაცებდნენ იარაღს.
ქალაქს აშინებდა ჭორები ბოლშევიკების მიერ კიევის მოსალოდნელი აღების შესახებ. წითელი გვარდია და ჯარები თითქმის ყველა მხრიდან უახლოვდებოდნენ ქალაქს. შეიარაღებული გამოსვლებისთვის სამხედრო და პოლიტიკური მომენტი ძალიან კარგად იყო შერჩეული: უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმეტესობა იცავდა ქალაქს აღმოსავლეთიდან. კიევში დარჩენილი იყო მხოლოდ რამდენიმე პოლკი, პოლიციისა და თავისუფალ კაზაკთა რაზმი, რომელთა ნაწილი მოწამლული იყო ბოლშევიკური პროპაგანდით.
ხარკოვში განთავსებულმა საბჭოთა მთავრობამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და მოითხოვა უკრაინის გენერალური სამდივნოსა და ცენტრალური რადის უფლებამოსილების შეწყვეტა. საპასუხოდ კიევის ოლქის სარდლობამ ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღო.
რადას მცდელობა, დაედო ზავი აჯანყებულებთან, უშედეგოდ დასრულდა, აჯანყებულებმა იქით მოითხოვეს: "კონტრრევოლუციონერების" დაპატიმრება, თავისუფალი კაზაკების, ოფიცერთა და პოლიციის რაზმების დაშლა.
უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, ჯავშანტექნიკის დახმარებით, განდევნეს მტერი კიევის მნიშვნელოვანი ნაწილიდან, თუმცა შულიავკა, ბრესტ-ლიტოვსკის მაგისტრალის უმეტესი ნაწილი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი კვლავ რჩებოდა წითელი გვარდიის ხელში. აქედან ტყვიამფრქვევებით იცხრილებოდა მოწინააღმდეგის პოზიციები. საღამოსთვის უკრაინის ჯარებმა აიღეს არსენალი და განაიარაღეს საგაიდაჩნის პოლკის ჯარისკაცები.
1 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა სატვირთო სადგურისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლშევიკები განაგრძობდნენ ქალაქის საარტილერიო დაბომბვას - ჭურვები აფეთქდა უნივერსიტეტის ბაღში, ლუკიანოვკაზე, პრორეზნაიას ქუჩაზე და ხრეშჩატიკზე. დაახლოებით საღამოს 4 საათისთვის, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან „წითლების“ მძიმე საარტილერიო ბატარეამ დაბომბა ძველი ქალაქი.
2 თებერვალს შუაღამისას ვითარება კვლავ დაიძაბა. დარნიცაში შევიდა მიხაილ მურავიოვის ბოლშევიკთა მოწინავე რაზმის ჯავშანმატარებელი. მურავიოვს მხარს უჭერდა ბროვარის არტდივიზიონი. ქალაქზე წარმოებდა მასირებული საარტილერიო იერიში: იბომბებოდა „არსენალი“, ციხესიმაგრე, პედაგოგიური მუზეუმი. ჯავშანმატარებლის დასაცავად გადმოსხეს ჯარისკაცებისა და წითელგვარდიელების ორი ეშელონი, რომლებმაც სამხედრო საწყობი დაიკავეს. ჭურვები სკდებოდა პეჩერის, ხრეშჩატიკის, პუშკინსკაიას, კუზნეჩნაის ტერიტორიებზე.
„ეს უკვე არა ამბოხება, არამედ ნამდვილი ომია“, – წერდნენ მაშინდელი უკრაინული გაზეთები.
კიევში აუტანელი, სიცოცხლისთვის სახიფათო ვითარება იყო შექმნილი. არ მუშაობდა ტრამვაი; დაიხურა საცხობები, მაღაზიები, სასადილოები, რესტორნები და ბაზრები. სატელეფონო სადგურმა შეწყვეტა კერძო ზარების მიღება. ქალაქი თითქმის სრულ საინფორმაციო ბლოკადაში მოექცა: არ გამოდიოდა გაზეთები, იბეჭდებოდა მხოლოდ საინფორმაციო ბიულეტენები „ნაროდნაია ვოლია“, „უახლესი ამბები“ და ვრცელდებოდა ბოლშევიკური „პრავდა“; მუშაობა შეწყვიტეს ბოლშევიკების მიერ დაკავებულმა წყალსადენმა და ელექტროსადგურმა. ღამღამობით, სიბნელეში ჩაძირულ ქალაქში იძარცვებოდა მაღაზიებში, საწყობები და ბინები.
აჯანყებას შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. საარტილერიო ჭურვებს უშენდნენ საცხოვრებელ სახლებს, დასახლებულ პუნქტებს. ქუჩაში სროლის დროს იღუპებოდნენ ქალები და ბავშვები. დაღუპულთა შორის იყო საფრანგეთის სამხედრო მისიის წევრი, პოლკოვნიკი ჟურდანი.
გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენეს კიევის სასწრაფო დახმარების ექიმებმა, მოხალისეთა სანიტარულმა ჯგუფებმა, მოწყალების დებმა, რომლებსაც დაჭრილები საკუთარი სიცოცხლის ფასად გაჰყავდათ ჯვარედინ ცეცხლში გახვეული ქუჩებიდან.
დაჭრილებით გაივსო კიევის საავადმყოფოები, რომლებიც ასევე არ იყვნენ დაცული ბოლშევიკების საარტილერიო ცეცხლისგან. ჭურვი აფეთქდა სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიულ განყოფილებაში. ალექსანდრეს საავადმყოფოს ტერიტორიაზე 14-ზე მეტი ჭურვი ჩავარდა, იყო მსხვერპლი.
ამბოხების ჩახშობის შემდეგ კიევის სათათბირომ დეპუტაცია გაგზავნა ბოლშევიკებთან, რათა შეწყვეტილიყო ქალაქის საარტილერიო დაბომბვა, თუმცა მურავიოვმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე. კიევი გაირინდა პირველი საბჭოთა ოკუპაციის მოლოდინში.
ბოლშევიკების ტიპური ტაქტიკა
ისტორიკოს დავით ხვადაგიანის თქმით, 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ შეიმუშავა ერთგვარი რეინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიის მიერ დამორჩილებული ერების ხელახალ ოკუპაციას, თუმცა ბოლშევიკები ცდილობდნენ არ მიემართათ პირდაპირი, ღია ინტერვენციისთვის,რადგან საბჭოთა რუსეთის წითელი ბელადები ანგარიშს უწევდნენ ახალ საერთაშორისო მოცემულობას, რის გამოც მოქმედებდნენ შემდეგი ტაქტიკით: აწყობდნენ აჯანყების პროვოცირებას სამიზნე ქვეყნებში, სადაც შემდეგ განმათავისუფლებელი არმია შედიოდა, ახდენდა ოკუპაციას, თუმცა საერთაშორისო დონეზე ბოლშევიკები აცხადებდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართო, აჯანყდა ხალხი, ჩვენ მხოლოდ მხარი დავიჭირეთ, ინტერნაციონალური ვალი მოვიხადეთო.
დავით ხვადაგიანი ჩამოთვლის საქართველოში ბოლშევიკების მიერ პროვოცირებულ ყველა ამბოხებასა თუ გადატრიალების მცდელობას:
- 1917 წ. - ჰქონდათ საქართველოში აჯანყების პროვოცირების პირველი მცდელობა. ბოლშევიკებმა სცადეს თბილისის „არსენალის“ ხელში ჩაგდება და შემდეგ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ მაშინ ბოლშევიკების განეიტრალება შეძლო ახალშექმნილმა სახალხო გვარდიამ ლეგენდარული სამხედრო ოპერაციის შედეგად. 1917 წლის 12 დეკემბერი იქცა კიდეც საქართველოს სახალხო გვარდიის დაბადების დღედ.
- 1918 წ. – ადრეულ გაზაფხულზე იყო მასობრივი ამბოხის მოწყობის კიდევ ერთი მცდელობა. ჯერ არ იყო გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველო იმყოფებოდა ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აჯანყება დაფუძნებული იყო აგრარულ ნიადაგზე, გლეხები ითხოვდნენ მიწის გადაცემას. ამ ნიადაგზე ბოლშევიკებმა შეძლეს მასობრივი გამოსვლების ორგანიზება ახალშექმნილი რესპუბლიკის წინააღმდეგ, თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდე საქართველოს ხელისუფლებამ, სახალხო გვარდიაზე დაყრდნობით, შეძლო ბოლშევიკური საფრთხის განეიტრალება და დიდი რეფორმების (ადგილობრივი თვითმმართველობის, მიწის და ა.შ.) გატარება, რამაც გაზარდა ნდობა დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლებისადმი. ყოველივე ამან არეულობის მოწყობის ნიადაგი გამოაცალა როგორც ბოლშევიკებს, ასევე „თეთრ რუსეთს“.
- 1919 წ. - გარდატეხა ხდება რუსეთის სამოქალაქო ომში. ბოლშევიკები გამარჯვების გზაზე დგებიან და ოქტომბერში საქართველოში აწყობენ ცენტრალიზებულ აჯანყებას, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან იყო ორგანიზებული და, რომელიც მიზნად ისახავდა წერტილოვანი დარტყმებით, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუმცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ბოლშევიკების გეგმების წინასწარ შეტყობა, რაც კარგად აქვს აღწერილი გვარდიის მეთაურ, ვალიკო ჯუღელს თავის „მძიმე ჯვარში“. საქართველოს კონტრდაზვერვამ და საგანგებო რაზმმა შეიტყო შეთქმულთა დეტალური გეგმა და იოლად მოახერხა მათი განეიტრალება. ამ დროს საბჭოთა რუსეთიდან საქართველოში უზარმაზარი თანხები შემოედინებოდა, რის გამოც ბოლშევიკებს რუსეთის მოსყიდულ აგენტებს უწოდებდნენ. საქართველოს სპეცსამსახურმა მოახერხა თავისი აგენტების ჩანერგვა „ამბოხებულთა“ შტაბში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შტაბის ერთ-ერთ შეკრებას საგანგებო რაზმის ხელმძღვანელი, მექი კედია წარუძღვა. ბოლშევიკური აჯანყება ტოტალურად ჩავარდა.
- 1920 წ. - საბჭოთა რუსეთმა ფაქტობრივ გამარჯვებას მიაღწია სამოქალაქო ომში, მოახდინა ჩრ. კავკასიის ოკუპაცია და შევიდა აზერბაიჯანში. ყოველივე ამან საბჭოთა რუსეთს გაუჩინა საქართველოს გასაბჭოების ცდუნებაც: წითელმა არმიამ შეუტია საქართველოს საზღვრებს, პარალელურად კი აჯანყებებმა „იფეთქეს“ ე.წ. ავტონომიებში: ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და აჭარაში. სამხრეთ ოსეთის პარტიზანთა რაზმს დავალებული ჰქონდა რეიდითა და დივერსიული აქტებით დაესუსტებინა საქართველოს შეიარაღებული ძალების ზურგი, რომლის შედეგადაც ჩამოიშლებოდა ხელისუფლება.თუმცა საქართველოს მთავრობამ შეძლო როგორც წითელი არმიის თავდასხმის მოგერიება, ასევე აჯანყების კერების ჩაქრობა.
დავით ხვადაგიანის თქმით, ამ „აჯანყებებში“ ჩანს ბოლშევიკების მოქმედების მთელი დრამატურგია: აჯანყება, გადატრიალების მცდელობა და პლუს პირაპირი ინტერვენცია. საბჭოთა პროპაგანდა 1921 წლის თებერვლის მოვლენებსაც წარმოაჩენდა როგორც აჯანყებას, რასაც სინამდვილეში არ მომხდარა. ბოლშევიკებს საქართველოში აჯანყების მოწყობის რესურსი აღარ ჰქონდათ. საიდუმლო მოხსენებაში ამ გარემოებზე წერს თვითონ ფილიპე მახარაძე. 1921 წლის თებერვალში საქართველოს საზღვართან მოაწყვეს პროვოკაცია და წამოიწყეს პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია.
„მომხდარი ვერანაირად ვერ გაფორმდა აჯანყებად. ეს იყო საბჭოთა წითელი არმიის ინტერვენცია, რომელიც ოკუპაციასა და ანექსიაში გადაიზარდა, რაც თავის მხრით, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა საბჭოთა ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე“, - უთხრა დავით ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.