Politico: ნატოს წევრები კიევისთვის გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავენ

პოლონეთის შეიარაღებაში მყოფი F-16 ტიპის თვითმფრინავები სამხედრო მანევრების დროს

უკრაინისთვის გერმანული წარმოების, ასევე აშშ-დან საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ, ნატო განიხილავს კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

ამის შესახებ წერს გამოცემა Politico, სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე ეუბნება Politico-ს, ადრე ვაშინგტონი კიევს ეუბნებოდა, რომ შეუძლებელი იყო სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება, ეს იყო „წითელი ხაზი“, მაგრამ ახლა ის იცვლება. გამოცემის წყაროს თქმით, ასე იყო HIMARS-ების შემთხვევაში, მოგვიანებით კი - ტანკების გამო. Politico-ს თანახმად, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი უფრო სადავო იქნება, ვიდრე დასავლური ტანკების მიწოდება.

ჯერჯერობით მხოლოდ ნიდერლანდმა გამოთქვა უკრაინისთვის თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებისთვის მზადყოფნა. გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰიოქსტრამ პარლამენტს განუცხადა, რომ მისი კაბინეტი განიხილავს გამანადგურებლების მიწოდებას, თუ კიევი ასეთის სურვილს გამოთქვამს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა კიევისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება და ამის მიზეზად დაასახელა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, F-16 და F-15 ტიპის თვითმფრინავები, მაღალი ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების გამო, არ არის შესაფერისი უკრაინისთვის. ამას დაერთვის აეროდრომების პრობლემა, რომელთა რეკონსტრუქცია უკრაინაში რუსეთის დაზვერვას არ გამოეპარება და იოლი გახდება მათი დაბომბვა.

შვედური წარმოების Greenpans-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უფრო შესაფერისი იქნებოდა უკრაინისთვის, წერს გამოცემა, თუმცა, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა Politico-ს განუცხადა, რომ შვედეთს „არ აქვს უახლოესი გეგმა, მიაწოდოს Greenpans-ები უკრაინას“. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე, გადაწყვეტილება კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ არ იქნება მიღებული. ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საგანგებო გეგმის შემუშავებაზე, როდის შეიძლება დასჭირდეს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები.

რუსეთი მძაფრ რეაქციას გამოხატავს დასავლეთიდან კიევისთვის მხარდაჭერის გაწევაზე. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 26 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.