კლიჩკოს ცნობით, კიევზე სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო

რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტა მოხვდა არასაცხოვრებელ შენობას. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა დღეს დილიდან დაიწყო. კიევის გარდა, აფეთქებებია ოდესის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. ამოქმედებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ქალაქ ოდესაში დაზიანებულია ორი ენერგოობიექტი.

მასირებულ სარაკეტო შეტევამდე, წუხელ, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".