ყოფილი პრემიერი და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან მიმდინარე დავაში მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს. ამის შესახებ მისი წარმომადგენლები ავრცელებენ განცხადებას, რომელიც ვებგვერდზე CS Victims გავრცელდა.
მათი განცხადებით, ეს დავა გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და შექმნილ პრობლემებს ივანიშვილი "არაფორმალურ სანქციად" მიიჩნევს.
"მათ, ვინც ამ ამბავს მიჰყვებიან, ემახსოვრებათ, რომ Credit Suisse-თან მიმდინარე დავა გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური გახდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებთან წვდომაში, ისე ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავების მიღებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი დიდი ძალისხმევის შედეგად მოგვარდა, ძირითადი პრობლემები, რაც ეხება თანხებთან წვდომას, გრძელდება და ჩვენ ამას მივიჩნევთ არაფორმალურ სანქციად.
ეს თანხები კავშირში არაა შვეიცარიაში, ბერმუდასა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც Credit Suisse-ის არასწორი მენეჯმენტისა და თაღლითობის დროს გადარჩა. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% Credit Suisse-ში დარჩა მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის, ოფიციალური მოთხოვნის გამო", - წერია ივანიშვილის წარმომადგენლების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რამდენიმე თვეა, ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები დავის შესახებ კომენტარს თავს არიდებდნენ იმის გამო, რომ მოლაპარაკებებს Credit Suisse აწარმოებდა. თუმცა, მათივე თქმით, ბატონი ივანიშვილი ირწმუნება, რომ ბანკი მოლაპარაკებების ილუზიას ქმნიდა და მისი ხელმძღვანელობა თითქოს განაგრძობდა პოლიტიკურ ზეწოლას თავის ყოფილ კლიენტზე.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
მისი დავა შვეიცარიულ ბანკთან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომელთა მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.