UEFA-მ რუსეთს ჩამოართვა სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლებაც

ყაზანის სტადიონი

რუსეთში აღარ ჩატარდება UEFA-ს სუპერთასის მატჩი. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის(UEFA) აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 25 იანვარს, შვეიცარიაში მიღებული გადაწყვეტილებით, 16 აგვისტოს მატჩი გაიმართება არა რუსეთის ქალაქ ყაზანში, არამედ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პირეოსის სტადიონზე.

სუპერთასის ყოველწლიურ საფეხბურთო მატჩში ერთმანეთს ხვდებიან UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები. რუსეთმა ქალაქ ყაზანის სტადიონზე ამ შეხვედრის მასპინძლობის უფლება 2020 წელს მოიპოვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, UEFA-მ რუსულ საფეხბურთო კლუბებს და კაცების და ქალების ნაკრებ გუნდებს ჩამოართვა მისი ეგიდით ტურნირებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგს ჩამოერთვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება. 2022 წლის მაისში ფინალი რუსეთის ნაცვლად საფრანგეთში ჩატარდა.