აშშ, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რომ უკრაინას გადასცემს ტანკებს Abrams

საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული ტანკი Abrams

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ შესაძლოა, ოთხშაბათს, 25 იანვარს გამოაცხადოს უკრაინისთვის ტანკების, M1 Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება. ამის შესახებ შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Associated Press-ი. მისივე ცნობით, ტანკების ადგილზე ჩატანას თვეები დასჭირდება.

სააგენტოს წყაროთა თანახმად, საუბარია 30-ზე მეტ ტანკზე. ამ რიცხვს ასახელებენ გამოცემა Politico-ს ინფორმირებული წყაროებიც.

რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ აშშ მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთის სტრატეგიულად დამარცხებას და თუ კიევს ტანკებს, Abrams-ს გადასცემენ, მათ რუსი სამხედროები გაანადგურებენ ნატოს სხვა ტექნიკის მსგავსად. მედიისთვის ანტონოვის კომენტარი საელჩომ გაავრცელა.

ასევე ნახეთ გერმანია უკრაინას თავის წარმოებულ ტანკებს მიაწვდის

24 იანვარს გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი დათანხმდა უკრაინისთვის ტანკების, Leopard 2-ის გაგზავნას და მათი რეექსპორტის ნებართვა მისცა სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს გერმანული ტანკები აქვთ.