გერმანიამ თანხმობა გამოთქვა, მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტიპის თავისი წარმოების ტანკები.
ამის თაობაზე ცნობა Spiegel-მა გაავრცელა. ამ ფონზე ვაშინგტონიდან იტყობინებიან, რომ აშშ განიხილავს კიევისთვის M1-Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას.
Spiegel-ის თანახმად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას მიაწოდოს საკმაოდ თანამედროვე "Leopard-2"-ის მოდიფიკაცია - "2A6". ლაპარაკია სატანკო ასეულის, ანუ ათი ტანკის გადაცემაზე.
გერმანია ასევე აპირებს, როგორც მწარმოებელმა, თავისი წარმოების ტანკების ექსპორტის ნებართვა მისცეს სხვა ქვეყნებს. უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებას აპირებდნენ პოლონეთი, ნიდერლანდი და ესპანეთი, ასევე იტალია, დანია და ფინეთი.
გერმანიის პრესის თანახმად, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გერმანიისგან იჯარით აღებულ 18 თანამედროვე საბრძოლო Leopard-2-ის ტიპის ტანკს მიაწვდის უკრაინას. რუტეს თქმით, თუ უკეთესი იქნება პორტუგალიასთან და ფინეთთან ერთად ამის გაკეთება, ნიდერლანდი თანახმა იქნება.
ამერიკის მედიის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ფიქრობს უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს. Wall Street Journal-ი, Associated Press-ი და სხვა ამერიკული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის შეცვალოს კურსი და უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს. თავდაცვის სამინისტროს ეს არ დაუდასტურებია.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა მანამდე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის. მის თანახმად, „Abrams-ები“ ძალიან კომპლექსურია, მათი მწყობრში შენარჩუნება „გამოწვევაა“. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან ომში უკრაინის არმიას შეუძლია სამხედრო აღჭურვილობას მოუაროს, მწყობრში იქონიოს და ვარჯიში შეძლოს, თქვა რაიდერმა.