საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრებს მედია არ ესწრებოდა, ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტის პრესსამსახურმა.

პარლამენტის თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

"შეხვედრაზე შეაჯამეს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობა და განიხილეს საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი, აგრეთვე, მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები", - წერია პარლამენტის თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის შესახებ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად შესასრულებელ 12 რეკომენდაციას შეეხო საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრაზე.

პარლამენტის თავმჯდომარისა და EU-ის ელჩის შეხვედრა

"მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციებითა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების პროგრესი, ამ მხრივ პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიის გეგმები და ევროკავშირის მოლოდინები. აგრეთვე, ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილ შეფასების პროცესზე", - აღნიშნავს პარლამენტის პრესსამსახური.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ საქართველო წლების განმავლობაში ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე იყო, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველომ კი მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 შესასრულებელი რეკომენდაცია.