პოლონეთი გერმანიისგან ნებართვას მოითხოვს უკრაინისთვის ტანკების მისაწოდებლად

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. 1 მარტი, 2022 წელი

პოლონეთი გერმანიას მიმართავს თხოვნით, მისცეს Leopard 2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდების ნებართვა, განაცხადა 23 იანვარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. პოლონეთის პრემიერს არ დაუზუსტებია, როდის აპირებს გერმანიისთვის მიმართვას. მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ პოლონეთი შექმნის იმ ქვეყნების გაერთიანებას, რომლებიც მზად იქნებიან, გაუგზავნონ ტანკები უკრაინას.

AP-ი იმოწმებს მორავიეცკის ნათქვამს, რომ თუ გერმანია პოლონეთს უფლებას არ მისცემს, ვარშავა გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს: „ჩვენ გერმანიას ნებართვას ვთხოვთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია“- განაცხადა მორავიეცკიმ.

ასევე ნახეთ ბერბოკი: გერმანია წინ არ აღუდგება პოლონეთის მიერ უკრაინისთვის თავისი Leopard 2-ების გადაცემას

22 იანვარს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს, მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას გაუგზავნოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბერბოკის თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს, თუკი ბერლინი ასეთ მოთხოვნას მიიღებს ვარშავისგან. „თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ „ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება.“