პესკოვი ადასტურებს, რომ ისევ ძალაშია პუტინის ბრძანება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ, ისევ ძალაშია. პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რატომ არ გაუქმდა ბრძანება, თუ მობილიზაცია უკვე დასრულებულია.

„რაც შეეხება ნაწილობრივი მობილიზაციით გაწვევას, ეს პროცესი დასრულებულია და აქ გთავაზობთ ორიენტირებას რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებსა და განცხადებებზე. მაგრამ ბრძანებულება ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სხვა ფუნქციებსაც“, - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაწვევა ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალებისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად საჭირო რიცხოვნობის მისაღწევად და მას შემდეგ, რაც შესაბამის რიცხვს მიაღწიეს, „მოქალაქეთა გაწვევა შეჩერდა, დასრულდა“. კრემლის პრესმდივანმა არ დააკონკრეტა, რას მოიცავს პუტინის ბრძანებულების სხვა ნაწილი, რომლის გამოც ის კვლავ ძალაშია.

ასევე ნახეთ რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკს მისი მიმართვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილობით აცნობეს, რომ პუტინის ბრძანებულება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ, ისევ ძალაშია.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. 28 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულდა, რადგან შესრულებულია მისი ამოცანა - 300 ათასი ადამიანის გაწვევა.

ამასთან, რუსეთს პრეზიდენტს არ გამოუცია ოფიციალური ბრძანება მობილიზაციის დასრულების შესახებ. ეს კრემლში იმით ახსნეს, რომ პუტინს კონსულტაცია ჰქონდა საკუთარი ადმინისტრაციის იურისტებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ ცალკე დოკუმენტის ხელმოწერა საჭირო არ არის.