კეკელიძის N1-ში, სადაც აღსრულების პოლიციას ელოდნენ, გამოსახლების პროცესი გადაიდო

კეკელიძის  N1

თბილისში, კეკელიძის N1-ში, სადაც დღეს, 23 იანვარს, 10:30 საათზე აღსრულების პოლიციას ელოდნენ, გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"აღსრულების პოლიციის სამმართველოს აქვს პოლიციელების გადამზადება/ტრენინგი. თავმჯდომარის ბრძანებით, ტრენინგის დღეებში დაგეგმილი იძულებითი ღონისძიებები გაუქმდა და დროებით გადაიდო... ტრენინგი ორდღიანია. ცხადია, ეს გამოსახლება ჩაინიშნება, რაც შეიძლება მალე", - ამბობენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და დასძენენ, რომ ინფორმაციას გამოსახლების შესახებ წინსწრებად მიაწოდებენ კეკელიძის N1-ში მცხოვრებ ოჯახს.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გამოსახლების პროცესის გაუქმება კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის პროტესტს, აღსრულების ბიუროში ასე უპასუხებენ:

"შესაძლოა, ეს დაემთხვა... კეკელიძის ქუჩის გარდა, სხვა გამოსახლებებიც იყო ამ ორი დღის განმავლობაში ჩანიშნული, აქედან გამომდინარე პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ამ ტრენინგებს, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში ტარდება ხოლმე".

კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ამ ოჯახის მხარდასაჭერად დილიდან შეიკრიბა, ბინის ყოფილმა მფლობელებმა კი კორპუსში შესასვლელი და სახლის რკინის კარები შეადუღეს. ასე ცდილობდა მარინა ხატიაშვილის ოჯახი, რომელსაც ბინა წლების განმავლობაში ეკუთვნოდა, ხელი შეეშალა აღსრულების პროცესისთვის.

ასევე ნახეთ კეკელიძის N1-ში, სადაც აღსრულების პოლიციას ელოდებიან, ოჯახმა ბინის კარი შიგნიდან შეადუღა

ხატიაშვილს ბინა ბოლო ოთხი წელია აღარ ეკუთვნის - აღსრულების პოლიციამ მისი გამოსახლება რამდენჯერმე სცადა.

როგორც მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ ხატიაშვილებმა საქართველოს ბანკს 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.

კეკელიძის N1

ოჯახი აცხადებს, რომ მზად არიან თანხა აანაზღაურონ და საქმე კონსტრუქციული მორიგებით დასრულდეს.

"ჩვენ "მევახშეს" [იპოთეკარს] ვთავაზობთ მორიგებას, მათ ფულით ხელში ვხვდებით. იმაზე მეტ ფულს ვთავაზობთ, ვიდრე ვალი გვაქვს, თუმცა ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიან", - ამბობს მარინა ხატიაშვილი.

კეკელიძის N1

მისი თქმით, 108 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა აუქციონზე თავად მისმა ერთ-ერთმა იპოთეკარმა, დარეჯან დვალმა, 40 ათას ლარად შეიძინა.

აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა. გამოსახლება ბოლოს გასული წლის 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, პროცესი რამდენიმე თვით კვლავ გადაიდო და 23 იანვრისთვის დაიგეგმა. ამის შესახებ აღსრულების ბიურომ მარინა ხატიაშვილს 22 დეკემბერს შეატყობინა.

ასევე ნახეთ „მევახშის“ ვალი - ოჯახი გასახლების მოლოდინში

გამოსახლების შესახებ აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და გამოსახლების პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, აუქციონზე გაყიდული ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ შეცვალა. აღსრულების ბიურომ გადაწყვეტილების შეცვლა მაშინ იმით ახსნა, რომ ბინაში იმ პერიოდში სამი თვის ჩვილი ცხოვრობდა და ოჯახის გასახლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დროებით გადადო.

ასევე ნახეთ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ ის იპოთეკართა მაქინაციური სქემისა და კაბალური კანონმდებლობის მსხვერპლია.

2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა აუქციონზე.