„პოლიცია გვაფრთხილებდა, ჩააქრეთ შუქები, დახურეთ ფანჯრები, გარეთ არ გამოხვიდეთ“... „ისმოდა განწირული კივილი, კაცების, ქალების“, „მეზობელმა დამირეკა, სადარბაზოსთან დახოცილი ბიჭები ყრიანო“, „ავტომატის ჯერის ხმა პერიოდულად ჩერდებოდა, მერე ისევ იწყებოდა“, „მგონი, პისტოლეტიდანაც იყო გასროლის ხმა“, „ბოლოს სხვანაირად შეზანზარდა სადარბაზო, მივხვდით, რომ ეს მხოლოდ სროლის ხმა არ იყო“...
საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსი ჯერ კიდევ ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე მხოლოდ კორპუსის მცხოვრებლებს უშვებენ. ახლა ისინი ჟურნალისტებთან ცდილობენ აღიდგინონ ხმები და კადრები, რომლებიც 20 იანვრის ღამეს, გაიგონეს და დაინახეს.
სწორედ ამ კორპუსის ეზოში დახოცა ოთხი ახალგაზრდა კაცი ამავე კორპუსში მცხოვრებმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა. კიდევ ერთი მსხვერპლი გამოძახებაზე მისული პოლიციელი კი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „იოლის“ სუპერმარკეტთან მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, კაცმა "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა“.
რამდენიმე ფაქტი, რაც ნამდვილად ვიცით
კაცი, რომელმაც 20 იანვრის ღამეს საკუთარი სახლის აივნიდან ადამიანები დახოცა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილია. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ის 2006-2021 წლებში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. იყო ავღანეთის მისიის მონაწილეც.
20 იანვრის ღამეს ნოდარ ათუაშვილმა მოკლა ხუთი ადამიანი. მათ შორის, ერთი პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილი.
სროლის შედეგად დაიღუპნენ ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, დათო ნასრაძე, ზაქარია მათიაშვილი.
48 წლის ყოფილმა სამხედრომ, 20 იანვრის ღამეს დაჭრა ხუთი ადამიანიც - ვალერი მათიაშვილი, ბექა ზარდიაშვილი, გიორგი კიკნაძე და სუპერმარკეტ „იოლის“ ორი თანამშრომელი - ნინო წიქარიშვილი და ლიზა ჭიაბერაშვილი.
ერთ-ერთი დაჭრილის, 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა ექიმების შეფასებით, კრიტიკულია.
კიდევ ერთი დაჭრილი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალიდან“ უკვე გაწერეს.
20 იანვრის ღამეს დაიღუპა თავად ნოდარ ათუაშვილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
რა მოხდა 20 იანვრის ღამეს საგარეჯოში?
კახეთის გზატკეცილის ცხრა ნომრის მცხოვრებლები ერთმანეთის მსგავს, თუმცა, მცირედით განსხვავებულ ვერსიებს გვიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო სროლა მათ კორპუსში, რა გაიგეს და რა დაინახეს.
თამარ ოთარაშვილი ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს. მისი ფანჯრებიდან და აივნიდან, კარგად ჩანს, როგორც სახლის ეზოს მთელი ტერიტორია, ისე სახლის უკან, დაახლოებით 40 მეტრში, გზატკეცილის პირზე მდებარე სუპერმარკეტი, სადაც ნოდარ ათუაშვილის სროლის შედეგად ორი ქალი დაზიანდა, მათ დასახმარებლად მისული პოლიციელი კი ყოფილმა სამხედრომ მოკლა.
თამარ ოთარაშვილი ვარაუდობს, რომ ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა თავდაპირველად არა საკუთარი სახლის აივნიდან, არამედ გარეთ, სუპერმარკეტთან დაიწყო. საგარეჯოს პოლიციას მან უკვე მისცა ჩვენება.
როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, 12 საათი ხდებოდა, როცა ქუჩიდან სროლის ხმა შემოესმა.
„ჯერ ვიფიქრე, ნათლისღებაა და ალბათ ფოიერვერკს ისვრიან-მეთქი. თითქოს განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ცოტა ხანში, გარედან, სახლის უკანა მხრიდან, ისევ შემომესმა სროლის ხმა და ადამიანების განწირული კივილი. გავედი, ბნელოდა, თუმცა, სახლის მოპირდაპირე მხარეს, მაღაზიასთან დავინახე ხალხი, პოლიციის მანქანა და გავიგონე კაცის ყვირილი, თითქოს ვიღაცას ეძახდა, თანამშრომელი მოგვიკლესო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. შემოვბრუნდი სახლში და რამდენიმე წუთში უფრო ზუსტად 00:16 წუთზე, რეკავს ჩემი მობილური და ვიღებ ტელეფონს და მეზობელი მეუბნება, ეზოში დახოცილები ყრიანო. ამასობაში ისევ ისმის ავტომატის ჯერის ხმა და პერიოდულად სხვა ცეცხლსასროლი იარაღის ხმაც. არ ვიცი, ალბათ პისტოლეტი? ფრთხილად გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე, როგორ ეგდო სამი ადამიანი ასფალტზე, გვერდითა სადარბაზოს წინ. მაშინვე პატრულში დარეკვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ, არ იციან, რომ აქ ასეთი ამბავია-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა უკვე, თუმცა, იმის გამო, რომ კაცი განუწყვეტლივ ისროდა, მისი განეიტრალება ვერ ხერხდებოდა“.
რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა კორპუსის მცხოვრებლებს, ხმის გამაძლიერებლით მოუწოდეს, ჩაექროთ შუქები და მოშორებოდნენ ფანჯრებს:
„საშინელი სიჩუმე ჩამოწვა და ამ სიჩუმეში ისმოდა იარაღის სროლის ხმა“, - იხსენებს თამარ ოთარაშვილი, რომლის თქმითაც, დაახლოებით ორი საათისთვის, მის კარზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა დააკაკუნეს:
„ყველა სადარბაზოსთან და ავტოსადგომის სახურავზე დადგნენ. კარზე დამიკაკუნეს, მეშინოდა და არ ვუღებდი, მითხრეს, რომ სპეცრაზმელები იყვნენ... ყველანაირად ხელი შევუწყვე, რომ თავიანთი დავალება შეესრულებინათ - სინათლე ავუნთე და სახურავზე ავუშვი“.
რამდენიმე ხანში თამარ ოთარაშვილმა „აფეთქების მსგავსი“ ხმა გაიგო. მისი თქმით, ეს ხმა არ ჰგავდა არც ავტომატისა და არც სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ხმას, „სახლი სხვანაირად შეზანზარდა“, - გვეუბნება ის:
„როცა მიჩუმდა ხმები, ინსტიქტურად გადავიხედეთ გარეთ და გავიგე ერთ-ერთი სპეცრაზმელის ხმა, რომელიც გადამცემში ლაპარაკობდა და ვიღაცას ეუბნებოდა, ვციტირებ, „თავი დაიბრიდა, ყველაფერი დამთავრდა“.
როგორც თამარ ოთარაშვილი გვეუბნება, 20 იანვარს მოკლული ოთხი ახალგაზრდიდან, სამი მათი კორპუსის მცხოვრები იყო, ერთი კი სტუმარი.
მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვრის ღამეს, სროლის ხმა მათ კორპუსში, რამდენიმე მეტრში ისმოდა, ინფორმაციის მთავარი წყარო კორპუსის მცხოვრებთა ნაწილისთვის სოციალური ქსელი, ფეისბუკი აღმოჩნდა.
კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები ქალი, რომელიც ორ მეზობელთან ერთად „ჯეო ჰოსპიტალის“ ეზოში ელოდება ახალ ინფორმაციას დაჭრილების შესახებ, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეზობლებმა სწორედ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რა ხდებოდა მათ შორიახლოს:
„ჩვენ არ დაგვინახავს საიდან და როგორ ისროდა ეს ადამიანი. სავარაუდოდ, ისროდა ორივე მხრიდან. ეზოს მხრიდანაც და უკან, გზატკეცილის მხრიდანაც. საშინელი ხმები იყო და ყველანი სახლებში შევიკეტეთ. პირველი ინფორმაცია ფეისბუკიდან შევიტყვეთ. იქ ვიღაცები წერდნენ, შეიძლება ტერორისტი იყოს და არ გამოხვიდეთ გარეთო. ცოტა ხანში, პოლიციაც გამოჩნდა და დაიწყო ჩვენი გაფრთხილება, რომ ჩაგვექრო შუქები, არ მივკარებოდით აივნებსა და ფანჯრებს“.
მძიმედ დაჭრილი შვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ელოდება „ჯეო ჰოსპიტალის“ ეზოში თეიმურაზ კიკნაძე. მისი შვილი მაშინ დაჭრა ნოდარ ათუაშვილმა, როდესაც ის სროლის ხმაზე სახლიდან გარეთ გავიდა და სხვა დაჭრილების დასახმარებლად გაიქცა. 24 წლის გიორგი კიკნაძეს გამჭოლი ჭრილობები მუცლისა და ბარძაყის არეში აქვს:
„რეანიმაციაშია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. მე სახლში არ ვიყავი წუხელ. რაც გადმოცემით ვიცი, სროლის ხმაზე ჩემი გიორგი გარეთ გასულა ბიჭების დასახმარებლად. დახოცილი ბიჭები, ყველანი, ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვები არიან. დასახმარებლად რომ მივარდნილა, მისთვისაც უსვრია. კიდევ კარგი, მეზობლების დახმარებით, კლინიკაში გადმოიყვანეს, მაგრამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა“.
კიდევ ერთი დაჭრილი, ვალერი მათიაშვილი, ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, რა მოხდა 20 იანვრის ღამეს და როგორ მიიღო მან ცეცხლნასროლი ჭრილობა:
"მაღაზიაში ჩავედი, ხმაური იყო გარეთ. ბევრი ხალხი მოგროვდა უცებ. ყვიროდნენ, "დაწექით, დაწექითო" და რაც მოვასწარი, ის იყო, რომ გარეთ ვიყავი გამოსული და შიგნით შევბრუნდი. შესასვლელში რომ შევედი, კარებშივე მესროლა და მომხვდა ბარძაყის ნაწილში...პირველ რიგში, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ შიგნით გოგონები იყვნენ, ისინი უნდა გამემხნევებინა და თან უსაფრთხო თავშესაფარი უნდა მომეძებნა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი ვერაფრის თქმა, ეგრევე უკნიდან მომაყოლა", - ყვება კაცი.
ვისთან ერთად იყო ნოდარ ათუაშვილი 20 იანვრის ღამეს?
მედიაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, რომელსაც ჟურნალისტებს და მათ შორის, რადიო თავისუფლებასაც, კორპუსის მცხოვრებნი უყვებიან, ნოდარ ათუაშვილი და მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი, კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში, დაახლოებით ხუთი წლის წინ დასახლდა. ოჯახი მანამდე სოფელ მანავში ცხოვრობდა.
მათივე ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს ცოლი რამდენიმე წლის წინ გაშორდა, რადგან ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო:
„ცოლს კაი ხნის გაშორებულია. როგორც ვიცით, ძალიან აწუხებდა, ქალი პოლიციასაც მიმართავდა, მიშველეთ, დამეხმარეთ, სასიკვდილოდ მიმეტებსო. ჩვენ არ შევსწრებივართ, მაგრამ ვიცით, რომ სანამ ერთად იყვნენ, სცემდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
მისივე ინფორმაციით, 20 იანვრის ღამეს, ნოდარ ათუაშვილთან ერთად, მისი უმცროსი შვილი, დაახლოებით 19 წლის ბიჭი იმყოფებოდა:
„ბიჭმა მოახერხა და გამოექცა. ამ ბიჭს ბოლო პერიოდში იძულების წესით აცხოვრებდა თავისთან. გინდა თუ არა ჩემთან უნდა იცხოვროსო. როგორც ვიცით, ბოლო სამი ღამე არ იყო ბავშვი მამასთან, მაგრამ წუხელ მასთან ერთად ყოფილა“.
კორპუსის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ნოდარ ათუაშვილს მეზობლებთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონდა.
20 იანვარს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარ ათუაშვილს ცოლზე ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
რა უთხრა ცოლ-შვილმა პოლიციას?
ნოდარ ათუაშვილის ცოლ-შვილი 20 იანვარს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ისე გაიყვანეს დედა-შვილები პოლიციის შენობიდან, რომ მედიას მათთან გასაუბრების საშუალება არ მისცემოდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გვიან საღამოს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყველაფერს გაეცემა პასუხი“, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, „როგორ ითანამშრომლა და რა ჩვენება მისცა გამოძიებას“ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის შვილმა.
"ოჯახის წევრების ჩვენებების შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეუბნებით", - თქვა თეიმურაზ კალანდაძემ.
უპასუხო კითხვები
კახეთის გზატკეცილის 9 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივის შესახებ.
ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია არც თავდაცვის სამინისტროს და არ უთქვამს, რის საფუძველზე დატოვა 2021 წელს ნოდარ ათუაშვილმა შეიარაღებული ძალები.
არ არის ცნობილი იმ იარაღის რაოდენობა, წარმომავლობა და კანონიერება, რომელიც ყოფილ სამხედროს სახლში ჰქონდა.
არ არის ცნობილი იცოდნენ თუ არა თავდაცვის სამინისტროში, საჭიროებდა თუ არა ყოფილი სამხედრო ფსიქორეაბილიტაციას სამსახურის ან სამსახურის დატოვების შემდეგ.
20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი ფაქტის გაშუქებისას, მედია ძირითადად თვითმხილველების მონათხრობ ამბებს ეყრდნობა.