შსს-ს ცნობით, საგარეჯოში თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

20 იანვარი. საგარეჯო

საგარეჯოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შსს აღნიშნავს, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებისა და სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა „სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა".

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ასევე ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიყვანეს. რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც არ იყო მძიმე, გადაყვანილია თბილისში, სჭირდებოდა სპეციფიკური დახმარება თვალზე მიღებული დაზიანების გამო. ერთ მძიმე პაციენტს უტარდება ოპერაცია, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ, ქვედა კიდურებზე აქვთ დაზიანება, მათ კვლევები უტარდებათ", - აცხადებენ კლინიკაში.

საგარეჯოში, კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან სროლის ხმა დაახლოებით ორი საათის წინ ისმოდა.

ასევე ნახეთ საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებულია მინიმუმ 5 ადამიანი

"ჯეო ჰოსპიტალსთან" სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილი ადამიანების დახმარებას.