საგარეჯოში, კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სროლის ხმა ისმოდა. რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო ეუბნება, რომ არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი, სავარაუდოდ, მძიმედ.
კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომლის ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული ოფიციალურად.
"ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად… ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზირებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა”, - წერს "ფეისბუკზე" "ჯეო ჰოსპიტალსის" თანამშრომელი ლეილა ოტიაშვილი.
კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსის" პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოტიაშვილი ნამდვილად მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ ავრცელებენ.
მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დაჭრილი და მოკლულია რამდენიმე ადამიანი. უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელია.
"პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ასევე ნახეთ საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელიმასალა განახლდა შსს-ს განცხადების გავრცელების შემდეგ.