უკრაინელი მინისტრები ათზე მეტი ქვეყნისგან ითხოვენ ტანკებს Leopard 2

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება(მარცხნივ) და თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ოლექსი რეზნიკოვი და დმიტრო კულება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან ითხოვენ გერმანული წარმოების ტანკებს, Leopard 2.

კულებას და რეზნიკოვის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 19 იანვარს, გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად ბევრი გაკეთდა და უკრაინა პრაქტიკული სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის 50-ზე მეტ პარტნიორ ქვეყანას, თუმცა რუსეთი ინარჩუნებს პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის არსებით, რაოდენობრივ უპირატესობას.

რეზნიკოვი და კულება აღნიშნავენ, რომ კრემლს გადაწყვეტილი აქვს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და რეალურია პერსპექტივა, რომ რუსეთი შეეცდება ომში წარუმატებლობისთვის რევანშის აღებას და ახალ სრულმასშტაბიან შეტევას. ამიტომ, უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები პარტნიორ სახელმწიფოებს მიმართავენ, მნიშვნელოვნად გაზარდონ სამხედრო დახმარება.

ასევე ნახეთ კონგრესმენებმა ბაიდენს და შოლცს მოუწოდეს, უკრაინის დასახმარებლად ბრიტანეთს მიბაძონ

თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები ერთ-ერთ გადაუდებელ საჭიროებად ასახელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას თანამედროვე ჯავშანტექნიკით.

რეზნიკოვი და კულება მიესალმებიან დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, უკრაინას გაუგზავნოს ტანკები Challenger 2 და კანადას, დანიას, ფინეთს, გერმანიას, საბერძნეთს, ნიდერლანდს, ნორვეგიას, პოლონეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, შვედეთს და თურქეთს მოუწოდებენ, უკრაინას გადასცენ მათ არსენალში არსებული ტანკები Leopard 2. თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, უკრაინა იძლევა გარანტიას, რომ ამ ტანკებს გამოიყენებს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დასავლეთის სახელმწიფოთა ნაწილის ზეწოლის მიუხედავად, გერმანია ჯერჯერობით უარს ამბობს უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკების, Leopard 2-ის მიწოდებაზე და ამის ნებართვას არც სხვა ქვეყნებს აძლევს.