ფონ დერ ლაიენი: ახალი სანქციები მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც აკრძალვებისთვის გვერდის ავლას ცდილობს

ურზულა ფონ დერ ლაიენი

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობაზე. ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.

CNN-ის კორესპონდენტმა კრისტიან ამანპურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ევროკომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.

„ჩვენ მივიღეთ სანქციების 9 წყება. ეს სანქციები იკბინება, ისინი ზღუდავს რუსეთის ეკონომიკას და უქმნის მას თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს. ეს მუშაობს, თუმცა ვხედავთ აგრეთვე, რომ, რა თქმა უნდა, არის სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ ვაპირებთ შევადგინოთ იმ ადამიანების ნუსხა, რომლებიც იღებენ ტექნოლოგიებსა და პროდუქციას ევროკავშირისგან და შეაქვთ ის რუსეთში. სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება ამ შავი ხვრელების დაგმანვაზე, გვერდის ავლის აღკვეთაზე და მასშტაბური შედეგების დადგომაზე მათთვის, ვინც გვერდს უვლის ევროკავშირის სანქციებს. ასე რომ, მეათე პაკეტი ამას შეეხება“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

13 იანვარს გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების პირობებში რუსეთი საქართველოს სატრანზიტო მარშრუტად იყენებს გარე სამყაროსთან ვაჭრობისთვის.