“უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში.… საერთაშორისო ასპარეზზე მათ უნდა ითამაშონ ფინეთის მსგავსი როლი”, - დაწერა აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა 2014 წლის 6 მარტს გამოქვეყნებულ სვეტში.
ამ დროს უკრაინაში უკვე დასრულებული იყო ევრომაიდანი, საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მოჰყვა იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უარს, გაეფორმებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე დაწყებული იყო ომი, 10 დღეში კი ვლადიმირ პუტინი ყირიმს რუსეთად გამოაცხადებს.
უკრაინის “ფინეთიზაცია” (Finlandization), ტერმინი, რომელიც პოლიტოლოგებმა სწორედ კისინჯერის სვეტის შემდეგ აიტაცეს, გულისხმობდა, რომ უკრაინას სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოეცხადებინა, ისევე, როგორც ფინეთმა გააკეთა ეს 1939 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ.
ფინეთმა ნეიტრალიტეტზე უარი 2022 წლის 18 მაისს თქვა და ნატოს წევრობაზე შეიტანა განაცხადი.
იმავე სვეტში, კისინჯერი წერდა, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფო სუვერენიტეტიცა და ყირიმიც. ევროკავშირში გაწევრიანების უფლებაც კი. უბრალოდ დასავლეთს უნდა ეღიარებინა, რომ რუსეთი უკრაინას ბოლომდე არასდროს დათმობდა, რადგან “უკრაინა მისთვის არასდროს იქნება უბრალოდ უცხო ქვეყანა”.
“ემოციური რუსეთი”
იმავეს ამბობდა კისინჯერი ექვსი წლით ადრეც, როცა საქართველოში რუსული ჯარების შეჭრამდე ერთი თვე რჩებოდა.
მან ივარაუდა, რომ ნატოში საქართველოს და (განსაკუთრებით) უკრაინის მიღება გაზრდიდა დაძაბულობას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც შემდეგ შეიძლება ომშიც გადაზრდილიყო.
“დასავლეთის უსაფრთხოების სისტემის მდინარე ელბიდან მოსკოვის სიახლოვეს გადატანა… კვლავ აღვიძებს რუსეთის ემოციებს, რაც აისახება ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტაზეც. ეს [ნატოს გაფართოება] დღის წესრიგში უნდა იდგეს, მაგრამ არა ისე, რომ სხვა მიმართულებებით პროგრესს შეუშალოს ხელი”, - წერდა ის.
“აზრი აღარ აქვს“
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჰენრი კისინჯერმა არაერთხელ მოუწოდა უკრაინასაც და რუსეთსაც, მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. 2022 წლის მაისში, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მან თქვა, რომ თუკი რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან, უკრაინას შეუძლია, “აწარმოოს მოლაპარაკებები ყირიმის სტატუსზე”.
ამას სკეპტიკურად შეხვდა უკრაინა. კისინჯერის წინადადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაცისტურ გერმანიასთან დათმობებზე წასვლას შეადარა.
“მილიონობით ადამიანს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სთავაზობენ, ეს ტერიტორია გაცვალოს მშვიდობის ილუზიაზე”, - თქვა ზელენსკიმ 26 მაისს.
2023 წლის 17 იანვარს, ასევე დავოსში, კისინჯერმა განაცხადა, რომ აღარ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მას “მისაღები გამოსავალი” უწოდა. რატომ?
“ომამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მეშინოდა, რომ მოხდებოდა ზუსტად ის, რაც ახლა ხდება... ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი აღარ აქვს”, - თქვა კისინჯერმა.
თუმცა ვეტერანმა დიპლომატმა დაამატა, რომ, მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთს კვლავ უნდა მიეცეს “საერთაშორისო თანამეგობრობაში დაბრუნების” შანსი. “ამან შესაძლოა, რუსეთს უბიძგოს გადაიაზროს თავისი ისტორიული პოზიცია”, - თქვა მან.
ამრიგად, კისინჯერი დაუბრუნდა იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ იგი ნატოს გაფართოებას აქტიურად უჭერდა მხარს. 1994 წელს “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნდა მისი სვეტი, “გააფართოეთ ნატო ახლავე”, სადაც კისინჯერი წერდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფად უნდა გაფართოვდეს. მიზეზად იმას ასახელებდა, რომ “ცენტრალურ ევროპაში გერმანიასა და რუსეთს შორის ვაკუუმის შექმნა დიდი საფრთხის მატარებელია”.
მას შემდეგ, ნატო ხუთჯერ გაფართოვდა და 15 ქვეყანა მიიღო. უკანასკნელად - 2020 წელს ჩრდილოეთი მაკედონია. ალიანსის არც ერთ ქვეყანაში ომი არ დაწყებულა.