უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტსა და კიდევ 8 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან. 2023 წლის 15 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 3 - კრამატორსკის და კუპიანსკის სამოქალაქო ობიექტებზე, 14 საავიაციო დარტყმა და 95 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მტერი წარუმატებლად უტევს ავდეევკის მიმართულებას.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალები საარტილერიო შეტევას განაგრძობდნენ ლუგანსკის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებულ პუნქტებზე.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 4 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. სოლედარის რაიონში ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი სუ-25. გენერალური შტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 5 რაიონი, საბრძოლო მასალების საწყობი და რადიოლოკაციური სადგური.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.