საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებთან კომენტარში დაასახელა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 16 იანვარს, გვიან ღამით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვინაობა. როგორც ანთაძე ამბობს, დაკავებულია სოსო დვალიშვილი.
ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 110-ე შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ თბილისმა საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა.
„ჩვენ მოვიკითხეთ ინფორმაცია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს. ფაქტი მოხდა გვიან ღამით. მოვითხოვეთ ამ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. პასუხი გახლავთ ის, რომ ე.წ. პროცედურები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება გვეცნობება ცხელი ხაზით. თუმცა მოთხოვნილია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვინაიდან არ არსებობს არავითარი წინაპირობა, ეს ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში. ისევე, როგორც არ არსებობს არავითარი წინაპირობა სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სუსის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ.
„ყველა დაკავებულის საკითხი არის ჩვენთვის პრიორიტეტული. გვაქვს გარკვეული ინფორმაციები კონკრეტული პირების შესახებ. სუსი არის კავშირზე ყველა დაკავებულის ოჯახის წევრებთან. ჩვენ მათ გავუზიარებთ ამ დეტალებს. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება უკანონოდ დაკავებულების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება", - აღნიშნა მან.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.