გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბორის პისტორიუსი

ბორის პისტორიუსი

გერმანელი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბორის პისტორიუსი, რომელიც ამჟამად ქვემო საქსონიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრია, გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი გახდება. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის 17 იანვრის განცხადებაში.

„ძალიან მიხარია, რომ ბორის პისტორიუსის სახით ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი პოლიტიკოსი მოვიპოვე თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის“, - მოჰყავს პრესსპიკერ შტეფენ ზაიბერტს კანცლერ ოლაფ შოლცის სიტყვები.

პისტორიუსის დანიშვნა მოჰყვა 16 იანვარს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან კრისტინე ლამბრეხტის გადადგომას იმ მომენტში, როცა გერმანია მზარდი ზეწოლის ქვეშაა, რომ ტანკები გაუგზავნოს უკრაინას.

კრისტინე ლამბრეხტი მრავალი თვის განმავლობაში იყო მედიის კრიტიკის საგანი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ბუნდესვერის მიერ შეიარაღების შესყიდვები. ლამბრეხტი თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა 2021 წლის ბოლოს, როცა შეიქმნა ე.წ. „შუქნიშნის კოალიცია“. მანამდე მას კანცლერ ანგელა მერკელის უკანასკნელ კაბინეტში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით ის დამატებით უძღვებოდა ოჯახის საკითხების სამინისტროსაც.