სერგეი შოიგუ: რუსეთის ჯარები მილიონ-ნახევარ ადამიანამდე უნდა გაიზარდოს

რუსეთის ჯარების რაოდენობა მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს სამი წლის განმავლობაში. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა თავის მოადგილეებთან, სარდლებთან და მეთაურებთან გამართულ თათბირზე, რომელიც არმიის რეფორმირებას ეძღვნებოდა.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის ჯარში მილიონამდე სამხედროა. კიდევ დაახლოებით ორი მილიონი რეზერვშია. რეფორმების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო გეგმავს საარმიო კორპუსის შექმნას კარელიაში, ასევე ორი სტრატეგიული ტერიტორიული სამხედრო გაერთიანებისა - მოსკოვის ოლქსა და ლენინგრადის ოლქში.

გარდა ამისა, შეიქმნება სამი მოტომსროლელი დივიზია სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში და ორი სადესანტო-საიერიშო დივიზია საჰაერო-სადესანტო ჯარებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯარების დაკომპლექტებას კონტრაქტორი სამხედროებით.

არმიის რეფორმირებისა და მილიონ-ნახევარ სამხედრომდე მისი გაზრდის აუცილებლობაზე შოიგუმ გასული წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან გაფართოებულ კოლეგიაზე. მაშინ თავდაცვის მინისტრმა დააზუსტა, რომ დაახლოებით 700 ათასი სამხედრო შეადგენს კონტრაქტორებს.

არმიის რეფორმირების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება გაისმის უკრაინაში გაჭიანურებული ომის, უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრიერიშისა და შარშან შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რუსეთის 300 ათასზე მეტი თადარიგში მყოფი მოქალაქე.

ოქტომბრის ბოლოს შოიგუმ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულებულია. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა გაწვევის დასრულებაზე, მაგრამ შესაბამისი ბრძანებულებისთვის არ მოუწერია ხელი. ჟურნალისტების დაანგარიშებით, უკრაინაში საომრად შესაძლოა გამოცხადებულ 300 ათასზე მეტი რეზერვისტი გაეწვიათ.