5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა დნეპრში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმას

სარაკეტო დარტყმის შედეგად დნეპრში დანგრეული საცხოვრებელი სახლი. 2023 წლის 16 იანვარი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დასრულებულად გამოაცხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ქალაქ დნეპრში, სარაკეტო დარტყმით დანგრეული საცხოვრებელი სახლის ადგილზე.

ოფიციალური მონაცემებით, სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 44 ადამიანის, მათ შორის 5 ბავშვის სიცოცხლე. დაშავდა 79, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი, მათგან 4 ბავშვი.

14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის ნაწილი მთლიანად დაინგრა.

16 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების სამიზნეა არა საცხოვრებელი სახლები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, არამედ აშკარა ან შენიღბული სამხედრო ობიექტები და ყველამ ნახა უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის დასკვნაც, რომ დნეპრში ტრაგედია გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის საპასუხო რაკეტის ქმედებამ.

პესკოვი გულისხმობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მოგვიანებით, არესტოვიჩმა თქვა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბოდიშს იხდის, დღეს, 17 იანვარს კი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მიმართა განცხადებით, რომ მრჩევლის თანამდებობას ტოვებს.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის ინფორმაციით, ქალაქ დნეპრზე იერიში განხორციელდა რუსული ფრთოსანი რაკეტებით Х-22, რომელთა მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა დნეპრში გამოიყენა ხმელეთზე დაბალი სიზუსტით გამორჩეული რაკეტა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის მინიშნებას, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.