ქალაქ სოლედარზე იერიშში მონაწილე "ვაგნერის" ქვედანაყოფს ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი მეთაურობდა - "დოსიე"

სოლედარი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ

ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა სოლედარზე იერიშში მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა მეთაურის ვინაობა. იგი აღმოჩნდა როსტოვის ოლქში მცხოვრები, ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევი ანტონ ელიზაროვი.

„ვაგნერის“პრესცენტრის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პროგოჟინმა ელიზაროვი საზოგადოებას გააცნო, როგორც „სოლედარის ოპერაციის სარდალი“ და დაახასიათა, როგორც გამოცდილი მეთაური, რომელმაც ქალაქი ორი კვირის განმავლობაში „წუწუნის გარეშე“ აიღო. მაგრამ პრიგოჟინს მისი ვინაობა არ დაუსახელებია. მოგვიანებით სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ტელეგრამის არხებით გავრცელდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

უფლებადამცველმა ცენტრმა „დოსიემ“ დაადგინა, რომ ელიზაროვი 1981 წელს დაიბადა როსტოვის ოლქში და 2014 წლამდე მსახურობდა რუსეთის არმიაში. კერძოდ, ნოვოროსიისკში განლაგებულ მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 108-ე პოლკში, სადაც ასმეთაურის რანგს მიაღწია. ელიზაროვი მონაწილეობას იღებდა ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს სამსახურებრივ ბინასთან დაკავშირებულ თაღლითობაში და სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ ელიზაროვი არაუგვიანეს 2016 წელს გაწევრიანდა, მისი სახმისია „ლოტოსი“. ცნობილია, რომ ელიზაროვი „ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძოდა სირიაში, ინსტრუქტორად მუშაობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მეთაურობდა მოიერიშე რაზმს ლიბიაში.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 იანვრის საღამოს გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ. ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ ქალაქი ერთი დღით ადრე და მხოლოდ „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ მთლიანად იქნა აღებული. უკრაინული მხარე სოლედარის სრულ დაკარგვას უარყოფს.