ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა

საილუსტრაციო ფოტო

მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის - ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1.411 მილიარდი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 850 000-ით ნაკლებია. შობადობამ შეადგინა ყოველ 1000 ქალზე 6.77 ახალშობილი, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1976 წლიდან ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია გარდაცვალებამ - ყოველ 1000 ადამიანზე 7.37 სიკვდილი.

2022 წელს ჩინეთში დაბადებულთა რიცხვი(9.56 მილიონი) ნაკლები იყო გარდაცვლილთა რიცხვზე(10.41 მილიონი). 2022 წლამდე ჩინეთში მსგავსი ვითარება იყო 1960 და 1961 წლებში, ინდუსტრიალიზაციის კატასტროფული შედეგებით გამოწვეული შიმშილის ფონზე.

ჩინეთმა მოსახლეობის ზრდის შესაჩერებლად 1979 წელს დაიწყო „ერთი ოჯახი-ერთი ბავშვის“ სახელით ცნობილი პოლიტიკა, რომელიც 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაუქმდა და ძალაში 2016 წლის იანვრიდან შევიდა. ამას მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში მოჰყვა შობადობის უმნიშვნელო ზრდა.

ექსპერტები ჩინეთში შობადობის კლების ძირითად მიზეზებად ასახელებენ განათლების, ჯანდაცვის და საცხოვრებლის სიძვირეს. ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ტენდენცია კორონავირუსის პანდემიამ გააღრმავა.