შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

შოთა აფხაიძე, „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი

ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. ზელენსკიმ გაიზიარა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადება პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს.

1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში აღნიშნულია, როგორც რუსეთის მოქალაქე.

ამონარიდი უკრაინის პრეზიდენტის 15 იანვრის განკარგულებიდან.

შოთა აფხაიძე საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

„მითების დეტექტორის“ ცნობით, 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ტელეარხ Zvezda-ს გადაცემისთვის “ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის პროპაგანდისტულ შეთქმულებას ასახავდა.