იტალიაში დააკავეს სიცილიური მაფიის მეთაური, რომელიც 30 წელი იძებნებოდა

კადრი მატეო დენაროს დაკავების ამსახველი ვიდეოდან

იტალიაში დააკავეს მატეო მესინა დენარო, რომელიც მაფიოზური დაჯგუფება Cosa Nostra-ს ხელმძღვანელად ითვლებოდა. ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.

მაფიის თავკაცი დააკავეს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა სპეციალური ჯგუფის რამდენიმე ათეული მებრძოლი, რომელთა ნაწილი კლინიკის სხვა პაციენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

დენარო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლ ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობასთან დაკავშირებით. დენაროს ასევე წაყენებული აქვს ბრალდებები მილანში, რომსა და ფლორენციაში მომხდარი აფეთქებების სერიისთვის, რომელთაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ეს სახელმწიფოს დიდი გამარჯვებაა, რომელიც ცხადყოფს, რომ მთავრობა არ ნებდება მაფიის წინაშე“, - განაცხადა დენაროს დაპატიმრების თაობაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ.

მატეო დენარო მაფიის „პირველი სიდიდის“ უკანასკნელი ბოსი იყო, რომელიც იძებნებოდა იტალიის სპეცსამსახურების მიერ. 30 წლის წინ დააკავეს სიცილიური მაფიის სხვა მეთაური - ტოტო რიინა - მეტსახელად „მხეცი“, 2006 წელს - მისი მემკვიდრე ბერნარდო პროვენძანო. ვარაუდობენ, რომ მატეო დენარო მაშინაც კი ხელმძღვანელ როლს თამაშობდა ქვეყნის კრიმინალურ სტრუქტურებში, როცა იმალებოდა.