რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები

ფოტო არქივიდან: რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კალინინგრადის ოლქში. 2021 წლის სექტემბერი

დღეს, 16 იანვარს, რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური სწავლება, რომელშიც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საავიაციო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, წვრთნებში ჩართული არიან რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფები. რუსეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობს საჰაერო-კოსმოსური ძალების საჯარისო ფორმირება.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ერთობლივი წვრთნისთვის, რომელიც მოიცავს საჰაერო დაზვერვას, პატრულირებას, საავიაციო მხარდაჭერას და ტაქტიკური დესანტის გადასხმას, გამოყენებული იქნება რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი.

ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომში კრემლის მოკავშირეა. რუსეთი საბრძოლო მოქმედებებისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს.