"ანგარსკელი მანიაკი" რუსულ არმიაზე "ოცნებობს"

ფოტო არქივიდან. მიხაილ პოპკოვი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს

„ანგარსკელ მანიაკად“ წოდებული ყოფილი მილიციელი მიხაილ პოპკოვი, რომელსაც რუსეთში 80-ზე მეტი ქალის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, არმიაში ყოფნაზე „ოცნებობს“. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Сибирь.Реалии წერს, პოპკოვმა განუცხადა გამოცემას, Вести-Иркутск.

პოპკოვის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ფიქრობს და ზამთრის და ყინვის დასრულების შემდეგ, დაუფიქრებლად წავიდოდა, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ საომრად დაიქირავებენ.

"ანგარსკელ მანიაკს" კონკრეტულად არ უხსენებია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომლის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ საომრად პატიმრების დაქირავებაში.

ასევე ნახეთ პრიგოჟინმა "შეიწყალა" უკრაინასთან საომრად დაქირავებული პატიმრების პირველი ჯგუფი

ანგარსკის მცხოვრები მიხაილ პოპკოვი, რომელიც 1998 წლამდე მილიციაში მუშაობდა, 2012 წელს ვლადივოსტოკში დააკავეს. 2015 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო 22 ქალის მკვლელობაში, ხოლო 2018 წელს - კიდევ 59 ქალის. გამოძიების თანახმად, პოპკოვი ქალებს 1992-2010 წლებში ხოცავდა.