ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თავის სახლში მოკლეს ავღანეთის პარლამენტის ამჟამად დაშლილი ქვედა პალატის ყოფილი დეპუტატი ქალი - ამ ინფორმაციას თალიბანის წარმომადგენლები ადასტურებენ.
მურსალ ნაბიზადეს და მის მცველს სასიკვდილოდ ესროლეს მაშინ, როცა 15 იანვარს მის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, ამბობს ქაბულის პოლიციის პრესმდივანი, თალიბანის წევრი ხალიდ ზადრანი. მისი თქმით, თავდასხმისას დაიჭრა ნაბიზადეს ძმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
ყოფილი დეპუტატი ქალის მკვლელობა დაგმეს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის პარლამენტის გერმანელმა წევრმა ჰანა ნეიმანმა. "ის სიბნელეში მოკლეს, მაგრამ თალიბანმა გენდერული აპართეიდის თავისი სისტემა მზის შუქზე ააშენა", - წერს ნეიმანი ტვიტერით.
2021 წლის აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბანმა მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო და ქალებს ბევრი უფლება ჩამოართვა.