კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 14 იანვარს უკრაინაში, დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას და გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას.

"კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში, უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.
ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნეპრში და მის მიღმა", -
წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.

ბოლო ცნობებით, დნეპრში ცხრასართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათგან 40 - საავადმყოფოში, 4 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება.