ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ სანქცია გასცა გამოძიებაზე ყოფილ პრეზიდენტთან, ჟაირ ბოლსონარუსთან მიმართებით. პროკურატურა ეჭვობს, რომ ექსპრეზიდენტმა თავისი მომხრეები შეაგულიანა საპროტესტო აქციების მოწყობისკენ, რომლებიც დასრულდა დედაქალაქში სამთავრობო შენობებზე შტურმით.
67 წლის ბოლსონარუ, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ეჭვმიტანილია "მოწოდებაში და იდეურ ავტორობაში ანტიდემოკრატიული ქმედებებისა, რომლებსაც ვანდალიზმი და ძალადობა მოჰყვა" - ნათქვამია ფედერალური პროკურატურის განცხადებაში.
8 იანვარს ბოლსონარუს მომხრეები - რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით - შეიჭრნენ კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში, და შტურმით აიღეს საპრეზიდენტო სასახლე. პოლიციამ შენობები იმავე დღეს გაათავისუფლა დემონსტრანტებისგან, და დააკავა სულ მცირე 1843 პირი - რომელთაგან 1100-ზე მეტი შემდგომ დაპატიმრებულ იქნა.
არეულობის მომდევნო დღეს ბოლსონარუმ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ოქტომბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა დე სილვას გამარჯვება "იყო არა კენჭისყრის, არამედ ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შედეგი". ვიდეოჩანაწერი მალევე წაშალეს.
ტვიტერზე ბოლსონარუმ გააკრიტიკა თავისი მომხრეების ქმედებები.
ასევე ნახეთ ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენმშრომელთა პარტიის დამაარსებელმა, მემარცხენე პოლიტიკოსმა, 77 წლის ლუის ინასიუ ლულა და სილვამ არჩევნებში მცირე უპირატესობით დაამარცხა რადიკალი მემარჯვენე ბოლსონარუ - რის შემდეგაც ეს უკანასკნელი აშშ-ში გაემგზავრა და თავი აარიდა ხელისუფლების გადაცემის ცერემონიალს. ლულა დე სილვას ინაუგურაცია 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა.
ბრაზილიაში 8 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს გაახსენა 2021 წლის 6 იანვარი, როცა აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპის მომხრეები კონგრესში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ მას არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.